კანადის კვებეკის პროვინციაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში „კვებეკის პარტიამ“ (Parti Québécois) გაიმარჯვა. პოლიტიკური ძალა კვებეკის სუვერენიტეტსა და კანადისგან გამოყოფას უჭერს მხარს.
კანადური გამოცემა Le Devoir-ის ინფორმაციით, „კვებეკის პარტიამ“ ხმების დაახლოებით 28% მიიღო და პროვინციის პარლამენტში 59 მანდატს მოიპოვებს. ეს შედეგი მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საკმარისი არ არის — 127-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას 64 მანდატი სჭირდება.
არჩევნებში მეორე ადგილზე კვებეკის „ლიბერალური პარტია“ გავიდა, რომელმაც ხმების დაახლოებით 24% მიიღო, ხოლო მესამე პოზიცია, დაახლოებით 20%-იანი მხარდაჭერით, „კონსერვატიულმა პარტიამ“ დაიკავა.
შედეგების მიხედვით, „კვებეკის პარტიის“ ლიდერს პოლ სენ-პიერ პლამონდონს უმცირესობის მთავრობის ფორმირება მოუწევს.
„მე კვლავ ვაგრძელებ ოცნებას ამ ქვეყნის შესახებ. ჩვენ არ დავივიწყებთ, რომ თავიანთი მომავლის შესახებ კვებეკელებს დავეკითხოთ“, – განაცხადა პოლ სენ-პიერ პლამონდონმა მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას.
კვებეკის სუვერენიტეტის საკითხზე წარსულში ორი რეფერენდუმი გაიმართა. 1980 და 1995 წლებში ჩატარებულ ორივე კენჭისყრაზე ამომრჩეველთა უმრავლესობამ კანადისგან გამოყოფას მხარი არ დაუჭირა.