აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება ციმბირში, ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლის გარდაცვალების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას შექმნილ ვითარებას რუსეთისთვის „დიდი პრობლემა“ უწოდა და აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში შეერთებული შტატები მზად არის, დახმარება გაუწიოს.

„არ მსიამოვნებს იმის ყურება, რომ ასეთ მდგომარეობაში არიან; ჩვენ დავეხმარებით. ყველას, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, ჩვენ ყოველთვის დავეხმარებით”, – აღნიშნა ტრამპმა.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება რუსულ ლაბორატორიასთან დაკავშირებულ შესაძლო შემთხვევას.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2 ოქტომბერს შელეხოვის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის 28 წლის თანამშრომელი დარია შიპილოვა. გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, მას სამუშაო ადგილზე ჭირის გამომწვევი პათოგენის შემცველი სინჯარა გაუტყდა, რის შემდეგაც შეუძლოდ გახდა. აღნიშნული ვერსია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

რუსეთის მომხმარებელთა უფლებებისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური – „როსპოტრებნადზორი“ – შავი ჭირით გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. უწყების განცხადებით, შიპილოვა „დაუდგენელი ეტიოლოგიის პნევმონიით“ გარდაიცვალა და მის ორგანიზმში პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული პათოგენები არ გამოვლენილა. უწყება ასევე აცხადებს, რომ ინსტიტუტში საშიშ მიკროორგანიზმებთან მუშაობისას ავარია არ მომხდარა.