აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიზანი ქვეყანაში დიზელის საწვავის მაღალი ფასების შემცირებაა.

გადაწყვეტილება ითვალისწინებს ე.წ. წითლად შეღებილი დიზელის საავტომობილო გზებზე გამოყენებაზე არსებული შეზღუდვების დროებით შემსუბუქებას და შესაბამისი ფედერალური აქციზის გადახდის 2026 წლის ბოლომდე გადავადებას.

ნებრასკაში მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ ახალი ზომა განსაკუთრებით ფერმერებსა და სატვირთო ავტომობილების მძღოლებს დაეხმარება საწვავზე დანახარჯების შემცირებაში.

„ეს ბრძანება ხელს შეუწყობს ყველა სახის საქონელზე, კერძოდ საკვებ პროდუქტებზე ფასების შემცირებას“, – აღნიშნა ტრამპმა.

წითლად შეღებილი დიზელი შემადგენლობით ჩვეულებრივი დიზელის მსგავსია. წითელი საღებავი გამოიყენება იმის აღსანიშნავად, რომ საწვავი განკუთვნილია გზის მიღმა გამოყენებისთვის — მათ შორის სოფლის მეურნეობისა და სამშენებლო ტექნიკისთვის — და მასზე ჩვეულებრივ არ ვრცელდება საავტომობილო გზებისთვის განკუთვნილი დიზელის შესაბამისი გადასახადები.

ახალი ბრძანების საფუძველზე, წითლად შეღებილი დიზელის გზებზე გამოყენებისთვის სანქციები დროებით მოიხსნება, ხოლო ფედერალური აქციზის გადახდა წლის ბოლომდე გადაიდება. თეთრი სახლის ინფორმაციით, გადაწყვეტილება პირველ რიგში ფერმერებისა და სატვირთო გადაზიდვების სექტორის ხარჯების შემცირებას ისახავს მიზნად.