ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, უცხოელ ექსპერტებთან ერთად, ეუთოში კვლევის პრეზენტაცია გამართეს, რომელიც თბილისში, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე სავარაუდო ქიმიურ მოწამვლასა და მის შედეგებს ეხება.

ეუთოში კვლევის წარმდგენებს შორის არიან ექიმი გიორგი კამკამიძე, ორგანიზაცია “საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი თამარ ონიანი.

კვლევა ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა, რომელთა ინფორმაციით, კვლევა ადასტურებს, რომ ქიმიური გამაღიზიანებლების გამოყენებამ არა მხოლოდ მყისიერად, არამედ გახანგრძლივებულად დაუტოვა პროტესტის მონაწილეებს ჯანმრთელობის პრობლემები.

კვლევამ საპროტესტო აქციის 524 მონაწილე მოიცვა, რომელთაც აღწერეს, რა სიმპტომები ჰქონდათ და რამდენ ხანს გაგრძელდა თითოეული. ბევრისთვის ისინი არ გამქრალა.

წარდგენილი კვლევის მიგნებები ასეთია: –

გამოკითხულთა 29% ამბობს, რომ სმენის პრობლემები (დაქვეითება ან შუილი) წელიწადზე მეტის შემდეგაც აღენიშნებოდა;

23% – თავის ტკივილი წელიწადზე მეტის შემდეგაც;

10% – მხედველობის პრობლემები (თვალის ყველა სიმპტომი) წელიწადზე მეტის შემდეგაც;

12% – სუნთქვის პრობლემები (სუნთქვა, ხველა, ფილტვის დაავადება) წელიწადზე მეტის შემდეგაც;

41% — მეხსიერებისა და კონცენტრაციის პრობლემები წელიწადზე მეტის შემდეგაც;

37% — ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები (შფოთვა, განწყობა, გაღიზიანებადობა, უძილობა) წელიწადზე მეტის შემდეგაც.