“ ქალბატონ კოსს შეუძლია ეს ხატოვანი გამოთქმები, რამდენჯერაც უნდა, იმდენჯერ გაიმეოროს, მაგრამ ჯობია, იყო მხოლოდ ფურცელზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ფურცელზე სახელმწიფო, “  – ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტს თავმჯდომარე,    გაფართოების  საკითხებში ევროკომისარ, მარტა კოსის განცხადებას, რომ საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა.

როგორც შალვა   პაპუაშვილმა აღნიშნა, ბრიუსელისთვის რომ დაეჯერებინათ და რუსეთთან ესკალაციაზე წასულიყვნენ, საქართველო დღეს, უკრაინის მსგავსად ომისგან დანგრეული ქვეყანა იქნებოდა.

„მე მგონი, ჯობია, მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო და ეს არჩევანი იყო გასაკეთებელი. ჩვენ რომ მოგვესმინა და დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, საქართველო დღეს ქაღალდზე იქნებოდა მხოლოდ სახელმწიფო ბევრი მიზეზის გამო – პირველი, ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან, საქართველო ეკონომიკურად იქნებოდა ისეთი დაზიანებული, როგორც მოლდოვა არის დაზიანებული. ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან, საქართველო, დიდი ალბათობით, სამხედრო კონფლიქტში, ახალ სამხედრო დაპირისპირებაში შევიდოდა რუსეთთან და დღეს ომისგან ისეთივე დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით, როგორიც არის უკრაინა. ასე რომ „მთავარი ცოდვა“, რაც ჩვენ მიგვიძღვის ბრიუსელის წინაშე არის ის, რომ მათ მავნე რჩევებს არ ვითვალისწინებთ და ქართველი ხალხი ამით რჩება მოგებული.

ვიმეორებ: რომ დაგვეჯერებინა ყველაფერი, რასაც ისინი გვირჩევდნენ, დღეს საქართველო იქნებოდა მხოლოდ ფურცელზე. ასე რომ, ქალბატონ კოსს შეუძლია ეს ხატოვანი გამოთქმები რამდენჯერაც უნდა იმდენჯერ გაიმეოროს, მაგრამ ჯობია, იყო მხოლოდ ფურცელზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ფურცელზე სახელმწიფო“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა.

მისივე თქმით, ის რაც ახლა ხდება, წარმოდგენილი იქნება გაფართოების ანგარიშში.

„როგორც იცით, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა. ვწუხვარ ამის გამო. ვისურვებდი, რომ საქართველოც, ქართველი ხალხის უდიდესი მხარდაჭერით, ყოფილიყო დღეს იმავე დონეზე, რაზეც მოლდოვა და უკრაინაა”, – განაცხადა მარტა კოსმა.