ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინისა და რუსეთის მონაწილეობით სამმხრივი შეხვედრის გამართვა შობამდე სურს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, შეხვედრის მოსამზადებლად სამი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლებმა შესაბამისი კონსულტაციები უნდა გამართონ, რათა შესაძლო მოლაპარაკებების დღის წესრიგი და ძირითადი საკითხები განისაზღვროს.

“უსაფრთხოების საკითხებში ჩვენი მრჩევლები შეხვედრებს გამართავენ, რათა დღის წესრიგი და შეხვედრის შინაარსი მოამზადონ. ამერიკულმა მხარემ განაცხადა, რომ ამის გაკეთება შობამდე სურთ. მე დავთანხმდი, რადგან ეს რაც უფრო მალე მოხდება, მით უკეთესი”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე ისაუბრა მაიამიში დაგეგმილ “დიდი ოცეულის” (G20) სამიტზე და აღნიშნა, რომ უკრაინას აშშ-ისგან ოფიციალური მიწვევა ჯერჯერობით არ მიუღია.

მისი განცხადებით, არაერთმა საერთაშორისო ლიდერმა ამერიკულ მხარეს უკრაინის სამიტზე მიწვევის წინადადებით მიმართა.

“ამერიკულ მხარეს ბევრმა ლიდერმა შესთავაზა, რომ უკრაინა ოფიციალურად მიიწვიოს. ჯერჯერობით მიწვევა არ მიგვიღია, მაგრამ თუ მივიღებთ, აუცილებლად ჩავალთ”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ სამმხრივი შეხვედრა სწორედ G20-ის სამიტის ფარგლებში გაიმართოს.

მისი თქმით, აშშ-ის კონგრესის ზოგიერთი წევრი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სამიტზე მიწვევას არ ემხრობა. თუმცა ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინის მონაწილეობამ შესაძლოა სამმხრივი შეხვედრის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოს.

“შეიძლება თუ არა სამმხრივი შეხვედრა „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში ჩატარდეს? მჯერა, რომ კი”, – განაცხადა მან.

ამასთან, ზელენსკიმ აშშ-ში უკრაინის ახალი ელჩის შესაძლო დანიშვნის საკითხზეც ისაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე ექვსი კანდიდატურა განიხილება. მათ შორის არიან ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი კისლიცა, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრები დმიტრო კულება და პავლო კლიმკინი, აშშ-ში უკრაინის ყოფილი ელჩი ოქსანა მარკაროვა და საგარეო საქმეთა მოქმედი მინისტრი ანდრეი სიბიგა.

ზელენსკის განცხადებების მიუხედავად, სამმხრივი შეხვედრის კონკრეტული თარიღი და ადგილი ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის.