საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა – ქუჩებში სკოლის მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლები და მშობლებიც გამოვიდნენ. Reuters-ის ინფორმაციით, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი რამდენიმე ქალაქში გამოიყენა, მათ შორის, პარიზში, სტრასბურგში, რენსა და ტულუზაში.  საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ათობით ქალაქში გამართულ აქციებში 250 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, ორგანიზატორების თქმით კი, მონაწილეთა რაოდენობამ 450 000-ს მიაღწია. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ კანონმდებლებს აცნობა, რომ შეტაკებების შედეგად სულ მცირე 215 მოზარდი და სკოლის პერსონალის 85 წარმომადგენელი დაშავდა. პრემიერის ოფისმა ასევე განაცხადა, რომ დაშავდა 700-ზე მეტი პოლიციელი. Მიმდინარე საპროტესტო აქციებს დონალდ ტრამპი გამოეხმაურა.  აშშ-ის პრეზიდენტმა  განაცხადა, რომ საპროტესტო აქციები საფრანგეთში მიგრაციის უკონტროლო პროცესის დასტურია. „ის, რაც საფრანგეთში ხდება სხვა არაფერია, თუ არა უკონტროლო მასობრივი მიგრაცია. საქმე სკოლებს არ ეხება; საქმე ეხება ისლამის სურვილს, ხელში ჩაიგდოს ოდესღაც დიადი ქვეყანა“, – დაწერა მან Truth Social-ზე. ცნობისთვის, საფრანგეთში მოსწავლეების საპროტესტო აქციები სექტემბერში დაიწყო. მოსწავლეები სკოლების დაფინანსების ნაკლებობას, მასწავლებლების დეფიციტსა და სასწავლო პირობების გაუარესებას აპროტესტებენ.