საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო უახლოეს სხდომაზე ნანა ყეინიშვილის საბჭოს სხდომებიდან დროებით აცილების საკითხს განიხილავს. გადაწყვეტილება უკავშირდება გენერალური პროკურატურის მიერ საბჭოს წევრის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას.
ეროვნული ბანკის განცხადებით, უწყებამ შპს „ბიტექსჩეინჯის“ წარმომადგენლების მიერ წარდგენილი ინფორმაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლა, თუმცა საკითხის სამართლებრივი შეფასება მის უფლებამოსილებას სცდება, რის გამოც შესაბამისი მასალები საგამოძიებო ორგანოებს გადაეცა.
„გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, ვიდრე საკითხის გარშემო არ დადგება სრული სიცხადე, საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს ნანა ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომებიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერი შპს „ბიტექსჩეინჯი“ გეგმიური შემოწმების შედეგად დაჯარიმებულია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესების დარღვევისთვის.
შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ ნანა ყეინიშვილის სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით დაიწყო.
გამოძიების საფუძველი „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებები გახდა, რომელთა თანახმად, ყეინიშვილი შესაძლოა მონაწილეობდეს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული კომპანიების საქმიანობაში.
ეროვნული ბანკი იმედოვნებს, რომ გამოძიების შედეგად საქმის გარემოებები დროულად გაირკვევა.