გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროპა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა და უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე სამშვიდობო კონსულტაციები მრჩეველთა დონეზე უახლოეს პერიოდში უნდა გაიმართოს.

ამის შესახებ მერცმა ბერლინში, ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გერმანიის კანცლერმა ხაზი გაუსვა სამშვიდობო პროცესში ევროპის სრულფასოვანი მონაწილეობის აუცილებლობას. მისი თქმით, მოლაპარაკებები ოთხმხრივ ფორმატში უნდა წარიმართოს, რომელშიც უკრაინის, რუსეთის, ევროპის და შეერთებული შტატების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

შეხვედრის შესაძლო ადგილად ნეიტრალური ტერიტორია – არაბთა გაერთიანებული საამიროები განიხილება.

მოლაპარაკებების კონკრეტული თარიღი და მონაწილეთა შემადგენლობა ჯერჯერობით არ დასახელებულა.

მერცის განცხადება უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე გაკეთდა. ამ პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად რჩება ევროპის უშუალო მონაწილეობა მოლაპარაკებებში, ასევე უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიები და ევროპის უსაფრთხოების სამომავლო არქიტექტურა.