სომხეთის ახალი კონსტიტუციის პროექტის მიხედვით, არჩევნებსა და რეფერენდუმებში მონაწილეობის პირობები მკაცრდება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
დოკუმენტის თანახმად, ხმის მიცემის უფლება ექნებათ სომხეთის სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც კენჭისყრამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში, სულ მცირე, ერთი წელი მუდმივად ცხოვრობდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე.
ცვლილება შესაძლოა შეეხოს საზღვარგარეთ მცხოვრებ სომხეთის მოქალაქეებს, რომლებიც პროექტით გათვალისწინებულ საცხოვრებელ კრიტერიუმს ვერ დააკმაყოფილებენ.
ახალი კონსტიტუციის პროექტი სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა წარადგინა. დოკუმენტი საჯარო განხილვისთვის სპეციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
აღნიშნული ცვლილება ამ ეტაპზე მხოლოდ კონსტიტუციის პროექტით არის გათვალისწინებული და ძალაში შესული არ არის.