უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ომსკისა და უხტის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით იერიშები მიიტანეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
ზელენსკის ინფორმაციით, ომსკში მდებარე ობიექტი რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, ხოლო უხტის საწარმო უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 1900 კილომეტრში მდებარეობს.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, უხტაში განხორციელებული შეტევისას გამოყენებული იყო An-196 RS ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები, რომელთა მოქმედების რადიუსი დაახლოებით 2500 კილომეტრია. ომსკის ქარხანაზე თავდასხმისთვის კი უკრაინულმა ძალებმა მოდიფიცირებული FP-6 ტიპის დრონები გამოიყენეს.
„ვაგრძელებთ რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმებზე რეაგირებას და ამას მაღალი სიზუსტით ვაკეთებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე ინფორმაციით, იერიშების შედეგად დაზიანდა კიდევ ერთი მონაცემთა ცენტრი, რასაც უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის თავდასხმებზე „სიმეტრიული პასუხი“ უწოდა.
ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მოქმედებას მაღალი სიზუსტის დემონსტრირება უწოდა და მათ მადლობა გადაუხადა.
რუსული მხარის პოზიცია და თავდასხმების შედეგად მიყენებული ზიანის მასშტაბი ამ ეტაპზე დამოუკიდებლად დადასტურებული არ არის.