თბილისის საქალაქო სასამართლომ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში დახმარების, დოკუმენტების გაყალბების, თაღლითობისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2024-2026 წლებში მსჯავრდებული თანამზრახველებთან ერთად წვევამდელებსა და მათი ოჯახის წევრებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლებაში დახმარებას ჰპირდებოდა, რის სანაცვლოდაც მოტყუებით ჯამში 24 200 ლარი მიიღო.
პროკურატურის ინფორმაციით, დანაშაულებრივი სქემა ყალბი სამედიცინო დოკუმენტაციის მომზადებას ითვალისწინებდა. კერძოდ, ჯგუფის წევრები წვევამდელებისთვის ყალბ სამედიცინო ისტორიებს ქმნიდნენ, რის საფუძველზეც ავადმყოფობის სიმულაციითა და გაყალბებული დოკუმენტების წარდგენით სამხედრო ჰოსპიტალის სამედიცინო საექსპერტო კომისია მათ სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან ათავისუფლებდა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მსჯავრდებულმა უკანონოდ შეიძინა საბრძოლო მასალა, რომელსაც საკუთარ საცხოვრებელ სახლში ინახავდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ პირი დამნაშავედ ცნო თაღლითობის, თაღლითობის მცდელობის, სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებასა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებაში დახმარების, ასევე საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებით.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.