საქართველოში 2025 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 9.9%-ით, ანუ 194.5 ლარით გაიზარდა და 2 165.2 ლარი შეადგინა. ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„საქსტატის“ მონაცემებით, წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში დაფიქსირდა.
ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ანაზღაურება შემდეგ სფეროებში იყო:
-
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 4 123.6 ლარი (ზრდა 12.1%);
-
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 042.6 ლარი (ზრდა 3%);
-
მშენებლობა – 3 026.1 ლარი (ზრდა 13.5%).
სტატისტიკის მიხედვით, ქალების საშუალო თვიურმა ხელფასმა 1 743.4 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებისამ – 2 586.5 ლარი. შესაბამისად, კაცების საშუალო ანაზღაურება ქალებისას 843.1 ლარით აღემატებოდა.
2025 წელს სახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასი 12.8%-ით გაიზარდა და 1 895.4 ლარი შეადგინა, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 8.7%-იანი ზრდის შედეგად 2 301 ლარს მიაღწია.
ბიზნესსექტორში საშუალო თვიური ანაზღაურება 2 198.4 ლარამდე გაიზარდა. ყველაზე მაღალი ხელფასები ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის მიმართულებებში დაფიქსირდა.
არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიურმა ხელფასმა 2 100.5 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 12.5%-ით აღემატება.
რეგიონების მიხედვით, ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი თბილისსა და მცხეთა-მთიანეთში დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი მონაცემები ნომინალურ, დარიცხულ ხელფასს ასახავს და არა დასაქმებულთა ხელზე ასაღებ ანაზღაურებას.