საქართველოს საბანკო ასოციაციაში რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მოლოდინი არ აქვთ. ასოციაციის პრეზიდენტის, ალექსანდრე ძნელაძის შეფასებით, ინფლაციური მაჩვენებლების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრებაც არ იქნება მოულოდნელი.

ძნელაძემ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, რომ მაისში განაკვეთის გაზრდით ეროვნულმა ბანკმა საჭიროების შემთხვევაში პოლიტიკის გამკაცრებისთვის მზადყოფნა აჩვენა. მისი თქმით, მონეტარული პოლიტიკა ამჟამადაც მკაცრია, ხოლო ბაზარზე მოკლევადიანი დაფინანსების საპროცენტო მაჩვენებლები პოლიტიკის განაკვეთს აღემატება.

ამასთან, ასოციაციის პრეზიდენტი განმარტავს, რომ ზრდა წინასწარ გადაწყვეტილი არ არის – სებ-ის შემდგომი ნაბიჯი გადაწყვეტილების მიღების მომენტში არსებულ მონაცემებსა და მოლოდინებზე იქნება დამოკიდებული.

„პირდაპირ ვერ ვიტყვი, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდის მოლოდინი გვაქვს. […] თუმცა არ გაგვიკვირდება, თუ ზრდასაც ვიხილავთ“, – აღნიშნა ძნელაძემ.

განაკვეთის შესაძლო ზრდაზე საუბრობს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილიც. მისი განცხადებით, საკითხი შესაძლოა მომდევნო სხდომებზე დადგეს დღის წესრიგში.

უტიაშვილის განმარტებით, ინფლაციაზე ზეწოლა საგარეო ფაქტორებიდან მოდის, რომლებზეც ეროვნულ ბანკს პირდაპირი გავლენა არ აქვს. ამიტომ სებ-ი აკვირდება ინფლაციურ მოლოდინებსა და ე.წ. მეორე რაუნდის ეფექტებს – რამდენად გადაეცემა თავდაპირველი გაძვირება სხვა საქონლისა და მომსახურების ფასებს.

ამ ეტაპზე საუბარია განაკვეთის შესაძლო ზრდაზე და არა უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

წყარო: „საქმის კურსი“ / BM.GE.