პალესტინელ სამხედრო კორესპონდენტს, მარიამ დაგას, რომელიც ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა, დამოუკიდებელი ვიდეოჟურნალისტებისთვის განკუთვნილი საერთაშორისო ჯილდო – რორი პეკის პრემია გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა.
ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Guardian ავრცელებს.
33 წლის ჟურნალისტმა ჯილდო Associated Press-ის (AP) ორ კოლეგასთან – აბდელ ქარიმ ჰანასა და ჯეჰად ალშრაფისთან ერთად მიიღო.
რორი პეკის ფონდის განცხადებით, ჟურნალისტები პალესტინის ტერიტორიაზე ომის მძიმე ჰუმანიტარული შედეგების განსაკუთრებული პროფესიონალიზმით გაშუქებისთვის დაჯილდოვდნენ.
მარიამ დაგა 2025 წლის აგვისტოში, ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე საავადმყოფოზე ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა. თავდასხმას კიდევ ოთხი ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დამოუკიდებელი ფოტოჟურნალისტი და რეპორტიორი Associated Press-თან 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ დაწყებული ომის პერიოდიდან თანამშრომლობდა. იგი ასევე მუშაობდა გამოცემა Independent Arabia-სთვის.
მარიამ დაგა ცნობილი იყო პროფესიული საქმიანობისადმი ერთგულებით, რომელსაც პირადი დანაკარგების მიუხედავად განაგრძობდა.
2018 წელს, ღაზაში გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას, მან გადაიღო ისრაელის სამხედროების მიერ სასიკვდილოდ დაჭრილი დემონსტრანტი. მოგვიანებით ჟურნალისტმა აღმოაჩინა, რომ დაღუპული მისი ძმა იყო.
Associated Press-ის აღმასრულებელი რედაქტორის, ჯული პეისის განცხადებით, ჟურნალისტები მოვლენების დოკუმენტირებასა და საზოგადოების ინფორმირებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად.
მისივე თქმით, სააგენტო პატივს მიაგებს მარიამ დაგასა და შეიარაღებული კონფლიქტების დროს დაღუპული ყველა ჟურნალისტის ხსოვნას და კვლავაც მათი დაღუპვის გარემოებების გარკვევისკენ ისწრაფვის.
საერთაშორისო აღიარება კონფლიქტების გაშუქებისთვის
რორი პეკის პრემიის ფარგლებში, ფოტოჟურნალისტიკისთვის პირველად დაწესებული ჯილდო ფრანგ ფოტოგრაფს, რობინ ტუტანჟს, ეთიოპიის ჩრდილოეთით, ამჰარის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის გაშუქებისთვის გადაეცა.
ამავე კატეგორიაში ნომინირებული იყო სუდანელი დამოუკიდებელი ფოტოგრაფი და ვიდეოჟურნალისტი აჰმედ მოჰამედ აბდალა, რომელიც სააგენტო Agence France-Presse-თან (AFP) თანამშრომლობს.
იგი სუდანის სამოქალაქო ომისა და ქალაქ ელ-ფაშერის პარამილიტარული დაჯგუფების, სწრაფი რეაგირების ძალების (RSF), კონტროლქვეშ გადასვლის გაშუქებისთვის იყო წარდგენილი.
ჟურნალისტმა ლონდონში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრება ვერ შეძლო, რადგან ბრიტანეთის ხელისუფლებამ მას ვიზის გაცემაზე უარი უთხრა.
რორი პეკის პრემია 1995 წლიდან გაიცემა. ჯილდო ჩრდილოეთირლანდიელი ვიდეოჟურნალისტის, რორი პეკის ხსოვნას ეძღვნება, რომელიც 1993 წელს მოსკოვში დაიღუპა.
პრემიის მიზანი დამოუკიდებელი ვიდეოჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის აღიარება და მათი წვლილის დაფასებაა.
