აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, დონალდ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკული სანქციებისა და ტარიფების 60 დღით შეჩერება სურს, რათა მათი გავლენა გლობალურ და ამერიკის ეკონომიკაზე შეისწავლოს.
მედიასთან საუბრისას რუბიომ განმარტა, რომ ზომები მხოლოდ რუსეთს არ ეხება და სხვა ქვეყნების, მათ შორის ინდოეთის, წინააღმდეგ ტარიფებსაც მოიცავს.
„პრობლემა იმაშია, რომ ეს მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ იყო. ის რიგი ქვეყნების წინააღმდეგ ტარიფებს მოიცავს – მაგალითად, ინდოეთის და სხვების. და, ვფიქრობ, პრეზიდენტს 60-დღიანი პაუზის აღება სურს, რათა გააანალიზოს, რა გავლენა ექნება სანქციებისა და ტარიფების შემოღებას გლობალურ ეკონომიკაზე და აშშ-ის ეკონომიკაზეც. ვფიქრობ, როდესაც [ლინდსი გრემის] კანონპროექტი იქნა მიღებული, ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ იყო მასში ჩადებული გამონაკლისები, იყო იმის გაგება, რომ გარკვეული დროის მონაკვეთი დასჭირდებოდათ ამის შესასწავლად, ყველა იმ სხვადასხვა რამის გათვალისწინებით, რაც მსოფლიოში ხდება, მათ შორის ენერგეტიკის გლობალურ მიწოდებებზე ზეწოლის, რომელიც ხდება არა მხოლოდ ირანის, არა მხოლოდ ჰორმუზის სრუტის, არამედ სულ უფრო მეტად „ჰუსიტების“ მიერ საუდის არაბეთზე თავდასხმების და რუსეთ-უკრაინის ომის გამო, სადაც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იბომბება. ასე რომ, ამასაც აქვს გავლენა გლობალურ ფასებზე,“ – განაცხადა რუბიომ.
სახელმწიფო მდივანი უკრაინაში Starlink-ის ინტერნეტის სიჩქარის შესაძლო შენელების საკითხსაც გამოეხმაურა.
რუბიოს განცხადებით, „თეთრ სახლში არავის არავისთვის არ უბრძანებია ინტერნეტის შენელება ან სისწრაფის შენელება, რათა გარკვეულმა დრონებმა ვერ გამოიყენონ ის“.