„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი, „ქართული ოცნების“ გუშინდელ სხდომასა და საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის საკითხზე დაგეგმილ განხილვებს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა მოქალაქეებს პოლიტიკური არჩევანის უფლებას წაართმევს და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას დაუკეტავს.

„პირველ რიგში, იმედია, ჩვენს საზოგადოებას ესმის, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ქვეყანაში, რეალურად „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სახელმწიფოში კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობაა, საკონსტიტუციო სასამართლოს გამოყენების გზით“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, პარტიების აკრძალვის შემთხვევაში მილიონზე მეტი მოქალაქე საკუთარი წარმომადგენლის არჩევის უფლებას დაკარგავს. მისივე შეფასებით, ეს ნაბიჯი საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს ეწინააღმდეგება.

სამადაშვილმა „ქართულ ოცნებაში“ არსებულ „შიდა რყევებზეც“ ისაუბრა და ამ კონტექსტში საკონსტიტუციო სასამართლოდან ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ძველი მოკავშირის წასვლა ახსენა. მისი განცხადებით, უმრავლესობის სხდომაში ივანიშვილის უშუალო მონაწილეობა პოლიტიკური გუნდის გამხნევებას ემსახურებოდა.

„ამიტომ, ცხადია, რომ ამ დიდი დანაშაულის წინ საკუთარი პოლიტიკური დაჯგუფების შესაგულიანებლად ივანიშვილს დასჭირდა კომფორტის ზონიდან გამოსვლა, უმრავლესობის სხდომის უშუალოდ ჩატარება და საკუთარი პოლიტიკური გუნდისთვის შეძახება, რომ არ შეეშინდეთ ამ დანაშაულზე წასვლა. იმიტომ, რომ მათ იციან, რომ წინ ელოდებათ უმძიმესი პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმისთვის, რასაც დღეს ივანიშვილი ამზადებს ქართული სახელმწიფოსა და ჩვენი კონსტიტუციის წინააღმდეგ“, – განაცხადა სამადაშვილმა.