ბათუმში, ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ ნაცნობ ქალს ერთობლივი ბიზნესსაქმიანობის დაწყება შესთავაზეს, თანხის მიღების შემდეგ კი შეთანხმებული პირობები არ შეასრულეს.

უწყების ცნობით, ქალმა ბიზნესგეგმის განსახორციელებლად საბანკო სესხები აიღო და ბრალდებულებს ჯამში 116 475 ლარი გადასცა.
„ბრალდებულებმა შეთანხმებული პირობები არ შეასრულეს და გადაცემულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

ორივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.