ალბანეთის პარლამენტში ხუთშაბათს დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი ტირანაში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლების ფონზე განვითარდა. ოპოზიცია ხელისუფლებას პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომის მოთხოვნით შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში ადანაშაულებს. ინფორმაციას AFP ავრცელებს.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ-ერთ საკითხზე კენჭისყრისას ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნასთან შეიკრიბნენ და სხდომის შეწყვეტა მოითხოვეს. მათ წარმოადგინეს ფოტოები, რომლებზეც, მათი განცხადებით, პოლიციელების მიერ ნაცემი დემონსტრანტის დაზიანებები ჩანდა.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარეს წყალი შეასხეს და ქაღალდები ესროლეს, რასაც სხვა დეპუტატებთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

„ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დღეს გადაწყვიტეს, სტუდენტების მოთხოვნების გამხმოვანებლები ყოფილიყვნენ“, – განაცხადა დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, სალი ბერიშამ.

ედი რამას სოციალისტური პარტიის დეპუტატმა, პირო ვენგუმ კი ოპოზიცია არეულობის ხელისუფლებაში დასაბრუნებლად გამოყენების მცდელობაში დაადანაშაულა.

საპარლამენტო სხდომის მიმდინარეობისას შენობის წინ რამდენიმე ასეული დემონსტრანტი შეიკრიბა, თუმცა დაპირისპირება არ მომხდარა. წინა საღამოს ტირანის ქუჩებში მხოლოდ მცირე ინციდენტები დაფიქსირდა.

სტუდენტური მოძრაობა შაბათს მასშტაბური შეკრების გამართვისკენ მოუწოდებს მოქალაქეებს. მონაწილეები განათლების უკეთ დაფინანსებასა და ედი რამას გადადგომას ითხოვენ. ისინი პრემიერ-მინისტრს კორუფციაში ადანაშაულებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, პოლიციელები. დაკავებულია ათობით დემონსტრანტი.

ანტისამთავრობო გამოსვლები მაისში დაიწყო. თავდაპირველად პროტესტი სადავო ტურისტულ პროექტს უკავშირდებოდა, რომელსაც, გავრცელებული ცნობებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოჯახთან აქვს კავშირი.

წყარო: HotNews