უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპთან უთანხმოება პირად ურთიერთობებს არ უკავშირდება, თუმცა რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქება ვლადიმერ პუტინს გააძლიერებს და ომის გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს. ამის შესახებ მან ხუთშაბათს, კიევიდან CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

აშშ-სა და უკრაინას შორის ურთიერთობები ბოლო კვირებში მნიშვნელოვნად გაუარესდა. რუსული საწვავის შეძენის შესახებ ტრამპის მიერ გამოცხადებული შეთანხმება ზელენსკიმ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი „ისტორიის არასწორ მხარეს“ იდგა. მოგვიანებით ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილი შეაჩერა, რასაც კრიტიკა მისივე პარტიაშიც მოჰყვა. ამავე პერიოდში უკრაინის ძალებს ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის თანამგზავრულ სერვის Starlink-ზე წვდომა შეეზღუდათ.

CNN-თან საუბრისას ზელენსკიმ  ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინს ომის შეწყვეტის განზრახვა არ აქვს.

„პუტინის მიმართ ჩემი დამოკიდებულება სრულიად ნათელია. ვფიქრობ, თუ სანქციებს მოვხსნით, მას გავაძლიერებთ. ეს არ არის პირადი საკითხი ჩემსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის. რა თქმა უნდა, სანქციების ნებისმიერი მოხსნის წინააღმდეგი ვარ“, – განაცხადა მან.

ინტერვიუ უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად აშშ-ის წარმომადგენლების გააქტიურებული დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე შედგა.

ოთხშაბათს აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი სანქტ-პეტერბურგში ვლადიმერ პუტინს სამი საათის განმავლობაში ესაუბრებოდა. მან რუსეთის პრეზიდენტს 74 წლის ამერიკელი პატიმრის, სტივენ ჰაბარდის გათავისუფლების გადაწყვეტილების გამო „ჰუმანური ადამიანი“ უწოდა, რასაც კამათი მოჰყვა. ერთი დღით ადრე უიტკოფი ზელენსკის ოსლოში შეხვდა.

ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება ჰაბარდის გათავისუფლებას შეუძლებელს გახდიდა და უკრაინის საკითხზე შეთანხმების მიღწევასაც საფრთხეს შეუქმნიდა.

„როდესაც შეთანხმებასთან ახლოს ხარ და ფაქიზ მოლაპარაკებებს აწარმოებ, სანქციებს არ აწესებ“, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა CNN-ის ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად.

ზელენსკიმ ოსლოში გამართული შეხვედრა ნაყოფიერად შეაფასა, თუმცა აღნიშნა, რომ პუტინის სამშვიდობო განზრახვებში დარწმუნებული არ არის. უიტკოფთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ნოემბერში მოლაპარაკებების გამართვას დათანხმდა, თუმცა კონკრეტული დეტალები თითქმის არ დაუკონკრეტებია.

„პუტინი თამაშობს, იცით, ის მოთამაშეა. სამწუხაროა, რადგან სხვა ადამიანების სიცოცხლით თამაშობს და, რა თქმა უნდა, ომის შეწყვეტა არ სურს. ამიტომ პარტნიორებისგან გვინდა, არ მისცენ შესაძლებლობა, გაძლიერდეს და გაგვტეხოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ოთხშაბათს ტრამპმა თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია უკრაინაში ომის დასრულებასთან ისე ახლოს იყო, როგორც არასდროს. მომდევნო ღამით კი რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ასობით დრონი და ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა.

მოსკოვი ამ დრომდე ინარჩუნებს მაქსიმალისტურ მოთხოვნებს, მათ შორის, უკრაინის ტერიტორიებთან დაკავშირებით. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უთანხმოების მთავარი საკითხი ახლა დონბასის იმ ნაწილის მომავალია, რომელსაც რუსეთი ვერ აკონტროლებს. მისივე თქმით, ამ განსხვავების გადასაჭრელად რამდენიმე „კრეატიული იდეა“ განიხილება.

CNN-თან ინტერვიუში ზელენსკიმ მიანიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დასაწყებად არსებული ფრონტის ხაზის გაყინვა შეიძლება განიხილებოდეს. ამასთან, გამორიცხა რუსეთისთვის იმ ტერიტორიების დათმობა, რომლებსაც უკრაინა ამჟამად აკონტროლებს. მან ასევე აღნიშნა, რომ კიევი ოკუპირებულ რეგიონებს რუსეთის ნაწილად არასდროს აღიარებს.

„ჩვენი მიწა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქმე ადამიანებს ეხება და არა კილომეტრებს. ბევრი ადამიანი დაიღუპა ამ მიწის, ჩვენი დამოუკიდებლობისა და ჩვენი ქვეყნის დასაცავად“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარება მიუღებელია და მოსკოვს ეს უნდა ესმოდეს.

ურთიერთობების დაძაბვის შემდეგ ვაშინგტონსა და კიევს შორის გარკვეული საკითხების მოგვარების ნიშნებიც გამოჩნდა. უკრაინა აშშ-ს რუსული სარაკეტო თავდასხმების შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შეზღუდვაში, Starlink-ის მუშაობის შენელებასა და იარაღის მიწოდების შეფერხებაში ადანაშაულებდა.

ზელენსკის განცხადებით, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა აღდგა, თუმცა SpaceX-ის სამხედრო დანიშნულების სერვისი Starshield ჯერ სრულად არ ამოქმედებულა.

ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ილონ მასკმა უკრაინას Starlink-ის სამხედრო ვერსიაზე წვდომა აღუდგინა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, პირადად სთხოვა თუ არა მას ამის გაკეთება.

CNN-ის ცნობით, უკრაინის ზოგიერთმა სამხედრო დანაყოფმა კავშირის სიჩქარის გაუმჯობესება დაადასტურა, მაგრამ ვითარება ყველგან ერთნაირი არ არის. საკითხში ჩახედული წყაროს განცხადებით, არსებული სიჩქარე რეაქტიული ძრავით აღჭურვილი დრონების გადასაჭერად საკმარისი არ არის. უკრაინული მხარე აშშ-ისგან განმარტებებს ელოდება.

ამასთან, უკრაინას საჰაერო თავდაცვის რაკეტების მწვავე დეფიციტი აქვს. შედეგად, რუსული ბალისტიკური რაკეტების მოახლოების შესახებ გაფრთხილების მიღების მიუხედავად, სამხედროებს მათი ჩამოგდების საშუალება ხშირად არ აქვთ.

ხუთშაბათს მოგვიანებით ზელენსკიმ განაცხადა, რომ ფინეთი უკრაინას 300 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ქვეყნები თანამშრომლობის გაღრმავებაზეც შეთანხმდნენ, რაც უკრაინის მიერ ფინეთის თანამგზავრული შესაძლებლობების უფრო ფართოდ გამოყენებას ითვალისწინებს.

ფინეთის პრემიერ-მინისტრ პეტერი ორპოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ჰელსინკის ლოგისტიკისა და ენერგეტიკის მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, დამატებითი ლოკომოტივები, ენერგეტიკული აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურის დაცვის რესურსები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთი ამ სექტორებს მიზანმიმართულად უტევს.

უკრაინის პრეზიდენტმა CNN-ს უთხრა, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა კიევს საჰაერო თავდაცვის გარკვეული რაოდენობის რაკეტები მიაწოდეს, თუმცა ეს ქვეყნის დასაცავად საკმარისი არ არის.

მისი განცხადებით, უკრაინას პარტნიორებისგან ახლა ორი მთავარი რამ სჭირდება: რუსეთისთვის სანქციების შენარჩუნება და უფრო ეფექტიანი რაკეტების მიწოდება.

წყარო: CNN