დიდი ბრიტანეთის მთავრობა მოსახლეობას ურჩევს, სახლში სასმელი წყლისა და საკვების სამდღიანი მარაგი იქონიოს. ახალი კამპანია – „იყავი მზად“,  მიზნად ისახავს ოჯახების მომზადებას ძლიერი უამინდობის, კიბერშეტევებისა და სხვა საგანგებო სიტუაციებისთვის, რომლებმაც შესაძლოა ძირითადი სერვისების მუშაობა შეაფერხოს.

რეკომენდაციის თანახმად, თითოეულ ადამიანზე დღეში სამი ლიტრი სასმელი წყალი უნდა იყოს გათვალისწინებული – ჯამში ცხრა ლიტრი 72 საათისთვის. საჭმლის მოსამზადებლად და ჰიგიენისთვის დამატებითი წყალია საჭირო.

მთავრობა მოქალაქეებს ასევე ურჩევს, მოიმარაგონ ხანგრძლივად შესანახი საკვები, პლედები, ნაღდი ფული, პირველადი დახმარების ნაკრები, ფანარი და ელემენტები. ჩამონათვალშია ხელით დასაქოქი FM რადიოც, რომელიც ელექტროენერგიისა და ინტერნეტის გათიშვისას ინფორმაციის მიღებაში დაეხმარებათ.

უსაფრთხოების საკითხებში მინისტრის, დენ ჯარვისის განცხადებით, მათ, ვისაც რეკომენდაციების შესრულება შეუძლია, ეს ნაბიჯები უნდა გადადგან. მისი განმარტებით, ყოველდღიური საგანგებო სიტუაციებისთვის მომზადება ქვეყნის საერთო მდგრადობის გაძლიერების ნაწილია.

კამპანიის დაწყება უკავშირდება კლიმატური კრიზისის შედეგების, ტექნოლოგიებზე დამოკიდებულებისა და მტრულად განწყობილი სახელმწიფოებიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ მზარდ შეშფოთებას.

უეს სტრიტინგის განცხადებით, მოსახლეობა და ბიზნესი მზად უნდა იყვნენ კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ შესაძლო თავდასხმებისთვისაც. მან მსგავსი ქმედებები „სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ ტერორიზმად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ საფრთხეები რეალურია.

მისივე თქმით, კიბერშეტევებმა შესაძლოა ბიზნესის გადახდის სისტემები გათიშოს ან მიწოდების ჯაჭვები დაარღვიოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ოჯახებმა და კომპანიებმა წინასწარ იცოდნენ, როგორ იმოქმედებენ მომსახურების შეფერხების შემთხვევაში.

მთავრობამ კამპანიის დაწყება ზამთრის შტორმების სეზონს დაამთხვია. ბოლო წლებში ძლიერმა ქარიშხლებმა ბრიტანეთში არაერთი შეფერხება გამოიწვია. იანვარში შტორმ „გორეტის“ შედეგად მიდლენდსში, სამხრეთ-დასავლეთ ინგლისსა და უელსში ათიათასობით სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ქარის სიჩქარე საათში დაახლოებით 160 კილომეტრს აღწევდა.

შეშფოთებას იწვევს განსაკუთრებით ძლიერი „ელ-ნინიოს“ შესაძლო გავლენაც. ამ კლიმატურმა მოვლენამ შესაძლოა გლობალურ ამინდზე, სურსათის მიწოდებასა და ენერგეტიკულ სისტემებზე იმოქმედოს.

რეკომენდაციების გამოქვეყნება დაემთხვა ბრიტანეთის 32 სამთავრობო ვებგვერდის პრევენციულად გათიშვას. მიზეზი პროგრამირების ენა PHP-ში აღმოჩენილი უსაფრთხოების ხარვეზი გახდა. კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა ცენტრმა შესაბამის ორგანიზაციებს 50 000 გაფრთხილება გაუგზავნა.

ფართომასშტაბიანი შეფერხების მაგალითად მასალაში დასახელებულია 2025 წლის აპრილში ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის გათიშვაც, რომელიც დაახლოებით 55 მილიონ ადამიანს შეეხო.

ბრიტანეთის ხელისუფლება ყურადღებას ამახვილებს წყალქვეშა კაბელებისა და მილსადენების უსაფრთხოებაზეც. სამეფო საზღვაო ძალები აკვირდებოდნენ რუსულ სადაზვერვო გემებს იმ ინფრასტრუქტურის სიახლოვეს, რომელიც ქვეყანას კონტინენტურ ევროპასა და სხვა რეგიონებთან აკავშირებს.

სამდღიანი მარაგის შექმნას მთავრობა ოჯახებისთვის პრაქტიკულ და რეალისტურ ნაბიჯად მიიჩნევს. მსგავსი რეკომენდაციები მოქმედებს საფრანგეთში, ირლანდიასა და ნიდერლანდებშიც. ბრიტანეთში საინფორმაციო კამპანია სოციალურ ქსელებსა და რადიოში გაგრძელდება.

წყარო: TheGuardian