ბარსელონას ცენტრში, სოციალურ ქსელებში ორგანიზებული ახალგაზრდების შეკრება შაბათს საღამოს არეულობაში გადაიზარდა. დემონსტრანტების ნაწილმა მაღაზიები გაძარცვა, ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდა, დააზიანა ქუჩის ინფრასტრუქტურა და პოლიციასთან შეტაკებაში შევიდა.

აქცია მოძრაობის – „Institut Indignats“ – სახელით ვრცელდებოდა. ეს სახელწოდება საფრანგეთში ბოლო კვირების განმავლობაში სტუდენტური მობილიზაციების უკან მდგომ მოძრაობას, „Lyceès Indignès“-ს უკავშირდება.

ათეულობით ახალგაზრდა კატალონიის დედაქალაქის ცენტრალურ კატალონიის მოედანზე, Plaça de Catalunya-ზე შეიკრიბა. მათი უმრავლესობა შავ ტანსაცმელში იყო გამოწყობილი, ზოგიერთს კი სახე კაპიუშონით ან სხვა საშუალებებით ჰქონდა დაფარული.

საღამოს დემონსტრანტების ნაწილმა ქუჩის ინვენტარის დაზიანება დაიწყო, რის გამოც სიტუაციის გასაკონტროლებლად კატალონიის პოლიციის, Mossos d’Esquadra-ს, სპეცდანიშნულების დანაყოფები ჩაერთნენ. პოლიციის ჩარევის შემდეგ აქციის მონაწილეები მოედნის მიმდებარე ქუჩებში ჯგუფებად დაიშალნენ. სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს და რამდენიმე პირი დააკავეს.

დაპირისპირება ქალაქის ცენტრში, ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის თანდასწრებით ვითარდებოდა. ინციდენტების ადგილი ახლოს იყო საცხოვრებლის უფლების დამცველთა ბანაკთანაც, რომელიც კატალონიის მოედანზე რამდენიმე კვირაა განთავსებულია.

ქალაქის ცენტრში გადაადგილება შეზღუდეს

არეულობის გამო ბარსელონას მუნიციპალურმა პოლიციამ მოედნისკენ მიმავალი შესასვლელები გადაკეტა. მიმდებარე სავაჭრო ობიექტებმა ვიტრინებისა და ქონების დაზიანების თავიდან ასაცილებლად დარაბები ჩამოსწიეს.

Mossos d’Esquadra-მ სოციალურ ქსელ X-ში მოქალაქეებს მოუწოდა, კატალონიის მოედნის მიმდებარე ტერიტორიას მორიდებოდნენ. პოლიციის ცნობით, ადგილზე მოქმედებდნენ ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც ნაგვის ურნებს წვავდნენ, ქუჩის ინფრასტრუქტურას აზიანებდნენ და სამართალდამცველებს ქვებს ესროდნენ.

საღამოს განმავლობაში ინციდენტები გაგრძელდა. სახედაფარულმა ჯგუფებმა რამდენიმე მაღაზია გაძარცვეს, ჩაამსხვრიეს ვიტრინები და ცეცხლი წაუკიდეს ქუჩის ინვენტარსა და ტერასების ტენტებს.

აქციის შესახებ გაფრთხილება წინასწარ გავრცელდა

ბარსელონას სავაჭრო ორგანიზაციამ Barna Centre-მ შაბათს თავის წევრებს წინასწარი გაფრთხილება გაუგზავნა. ორგანიზაციის ცნობით, დახურულ ჯგუფებში, Telegram-სა და WhatsApp-ში, ვრცელდებოდა მოწოდებები, რომ საფრანგეთის საპროტესტო გამოსვლების მსგავსი აქციები ბარსელონაში, მადრიდში, ვალენსიაში, ალიკანტესა და ბილბაოშიც გამართულიყო.

გავრცელებული შეტყობინებები ახალგაზრდებს მოუწოდებდა, აქციებზე შავი ტანსაცმლითა და დაფარული სახეებით მისულიყვნენ. მათში ასევე იყო მითითებები ხელთათმანებისა და მაშხალების გამოყენების შესახებ.

Barna Centre-ს ინფორმაციით, ზოგიერთ შეტყობინებაში პირდაპირ იყო საუბარი მაღაზიების ვანდალიზმზე. ამასთან, მოწოდებები ითვალისწინებდა მცირე ბიზნესების ხელშეუხებლობას და დიდი სავაჭრო ობიექტების წინააღმდეგ მოქმედებას.

სალვადორ ილია: ძალადობას გამართლება არ აქვს

ბარსელონაში განვითარებული მოვლენები კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელმა სალვადორ ილიამ დაგმო. მისი განცხადებით, ძალადობას კატალონიაში ადგილი არ აქვს და არცერთი მიზეზი არ ამართლებს მას.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ილიამ აღნიშნა, რომ პროტესტი დემოკრატიული უფლებაა, თუმცა ადამიანებზე თავდასხმა, მათი დაშინება და ქონების დაზიანება ამ უფლების ნაწილი არ არის.

მისივე თქმით, ვინც ძალადობს ან სხვის ქონებას აზიანებს, პასუხი უნდა აგოს. ილიამ სამართალდამცავებს მოქალაქეებისა და სავაჭრო ობიექტების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.

კატალონიის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ილია მომხდართან დაკავშირებით ბარსელონის მერ ხაუმე კოლი ბონისა და შინაგან საქმეთა მინისტრ ნურია პარლონისთან კონტაქტზე იმყოფებოდა.

წყარო: ესპანური მედია