SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი აცხადებს, რომ უკრაინამ Starlink-ის გამოყენების პირობები დაარღვია და სისტემა დრონებით თავდასხმებისთვის გამოიყენა. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი თავდაცვის ტექნოლოგიების განვითარების საკითხებში, სერგეი ბესკრესტნოვი, მასკის განცხადებას ეხმაურება და ამტკიცებს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კომერციული Starlink-ის შორ და საშუალო მანძილზე დარტყმებისთვის გამოყენება არ შეუძლიათ.
მასკის თქმით, Starlink-ის სამოქალაქო სერვისის ადამიანების მოსაკლავად დრონებით თავდასხმების განსახორციელებლად გამოყენება მომსახურების პირობებით დაშვებული არ ყოფილა. მისივე განცხადებით, ამ მიმართულებით გამოვლენილი ხარვეზი კომპანიამ გასულ კვირას აღმოფხვრა.
ბიზნესმენმა ასევე განმარტა, რომ Starlink-ისგან განსხვავებით, Starshield ცალკე სისტემაა, რომელსაც აშშ-ის მთავრობა აკონტროლებს და რომლის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებებს ამერიკული მხარე იღებს.
მასკის შეფასებით, Starlink კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის. მისი განცხადებით, სისტემის გათიშვის შემთხვევაში უკრაინის ფრონტის ხაზი დაუყოვნებლივ ჩამოიშლებოდა. მანვე აღნიშნა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საწყის ეტაპზე Starlink-მა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა უკრაინის კომუნიკაციის შენარჩუნებაში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა კავშირის სხვა საშუალებების განადგურება ან ჩახშობა შეძლო.
SpaceX-ის დამფუძნებელმა უკრაინის დასახმარებლად კომპანიის წვლილზეც ისაუბრა. ამასთან, მან მკვეთრად გააკრიტიკა ისინი, ვინც, მისი შეფასებით, ომის გაგრძელებას უჭერს მხარს, თუმცა კონფლიქტის მოგვარების რეალისტურ გზებს არ გვთავაზობს.
მასკის განცხადებას სერგეი ბესკრესტნოვი გამოეხმაურა. მისი თქმით, უცნაურია, რომ SpaceX-ის დამფუძნებელი უკრაინაში Starlink-ის გამოყენების მოქმედი შეზღუდვების შესახებ ინფორმირებული არ არის.
ბესკრესტნოვის განმარტებით, 2026 წლის ზამთრიდან უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში, Starlink-ის ყველა ტერმინალის სიჩქარე საათში 70-90 კილომეტრით არის შეზღუდული. მისივე განცხადებით, რუსეთის ტერიტორიაზე Starlink-ი არ მუშაობს.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის მტკიცებით, ამ შეზღუდვების გათვალისწინებით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კომერციული Starlink-ის გამოყენება შორ და საშუალო მანძილზე დარტყმების განსახორციელებლად ფიზიკურად არ შეუძლიათ.