ინგლისის ჰერცოგინია ელეონორ კობჰემი, შესაძლოა, ქვეყნის დედოფალი გამხდარიყო. თუმცა ნეკრომანტიაში, ერესსა და ჯადოქრობაში ბრალდებამ მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. სკანდალმა, რომელიც XV საუკუნეში სამეფო კარზე აგორდა, ინგლისის ტახტისთვის ბრძოლასაც შეუწყო ხელი და ვარდების ომის წინაპირობების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ვინ იყო ელეონორი – ძალაუფლებისთვის მებრძოლი ქალი, რომელიც მეფის მოსაკლავად შავი მაგიის გამოყენებას ცდილობდა, თუ პოლიტიკური ინტრიგების მსხვერპლი?
1441 წელს ელეონორ კობჰემი ჰამფრი ლანკასტერის, გლოსტერის ჰერცოგის მეუღლე იყო. ჰამფრი უშვილო და სუსტი ჯანმრთელობის მქონე მეფე ჰენრი VI-ის ტახტის სავარაუდო მემკვიდრედ მიიჩნეოდა. შესაბამისად, ელეონორისთვის ინგლისის დედოფლად გახდომის პერსპექტივა რეალური იყო.
თუმცა, როდესაც ჰამფრის გავლენა სამეფო კარზე შესუსტდა, გავრცელდა ბრალდებები, რომ ელეონორი ქმრის სამემკვიდრეო პოზიციების გასამყარებლად ოკულტურ პრაქტიკას მიმართავდა. საბოლოოდ, მას ღალატთან დაკავშირებულ ჯადოქრობაში დასდეს ბრალი. ამ საქმემ იმდროინდელ ინგლისში უდიდესი სკანდალი გამოიწვია და ტახტისთვის მეტოქე ჯგუფებს მოქმედების შესაძლებლობა მისცა.
დღეს ინგლისელი მწერლის, ფილიპა გრეგორის, ახალი ისტორიული რომანი Royal Witch ელეონორ კობჰემის ისტორიას კვლავ აქტუალურს ხდის. ქალი, რომელიც ისტორიაში ამბიციურობითა და სილამაზით შემორჩა, დღემდე ურთიერთგამომრიცხავი შეფასებების საგანია.
ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ელეონორის წინააღმდეგ მტკიცებულებები გაყალბებული იყო და ის პოლიტიკური თამაშის მსხვერპლი გახდა. გრეგორი კი რომანში მას უფრო დაუნდობელ პერსონაჟად წარმოგვიდგენს – ქალად, რომელიც საკუთარ ბედს თავად განსაზღვრავდა.
„მან ცდუნებას ვერ გაუძლო და ჯადოქრობის გამოყენება გადაწყვიტა, რათა მეფე მოეკლა და ქმრის მეშვეობით ინგლისის ტახტზე თავადაც ასულიყო“, – ამბობს მწერალი. მისი შეფასებით, ელეონორი იმ იშვიათ ქალთა შორის იყო, რომლებსაც ჯადოქრობაში ადანაშაულებდნენ და რომლებიც, შესაძლოა, მართლაც მიმართავდნენ მსგავს პრაქტიკას.
ელეონორის მიმართ ეჭვები ჯერ კიდევ მანამდე არსებობდა. ის ადრე ჟაკლინ ენოს, ენოს გრაფინიას, ფრეილინა იყო, თუმცა მოგვიანებით მისი მეუღლე ჰამფრი ლანკასტერი შეირთო. ზოგიერთისთვის ელეონორი თავიდანვე საეჭვო ფიგურა იყო – ქალი, რომელსაც პატრონის ქმრის ხელში ჩაგდებასა და ფუფუნების მოყვარულ ცხოვრებაში ადანაშაულებდნენ.
ელეონორისა და ჰამფრის ინტერესს ზებუნებრივი მოვლენების მიმართ მათი მდიდარი ბიბლიოთეკაც ადასტურებდა. სამეფო საბჭომ კი მიიღო ინფორმაცია, რომ ელეონორი მეფის სიკვდილის წინასწარმეტყველებას ცდილობდა. ამ საქმეში, სავარაუდოდ, მას ეხმარებოდნენ მარჯერი ჯორდმეინი, ცნობილი როგორც „აიის ჯადოქარი“, და პატივსაცემი მეცნიერი და ასტროლოგი როჯერ ბოლინგბროკი. შედეგად, ღალატის ბრალდების საფუძველი ჩამოყალიბდა.
შეთითხნილი ბრალდებები თუ რეალური შეთქმულება?
ელეონორის წინააღმდეგ საქმეს მისი ქმრის ნახევრად ბიძა და მთავარი პოლიტიკური მეტოქე, კარდინალი ჰენრი ბოფორტი ხელმძღვანელობდა. ჰერცოგინიას ნეკრომანტიის – ფარული ცოდნის მისაღებად გარდაცვლილთა სულების გამოძახების – ერესისა და ჯადოქრობის 18 ეპიზოდში დასდეს ბრალი.
ბრალდებებს შორის იყო ჯადოსნური წამლების მოპოვება, მეფის სიკვდილის წინასწარმეტყველების მიზნით ასტროლოგიური რუკის შედგენა და მეფის ცვილის ფიგურის შექმნა, რომლისთვისაც ზიანის მიყენებით მისი სიკვდილის გამოწვევას ცდილობდნენ.
შესაძლოა, ღალატის ბრალდების თავიდან აცილებისა და იმის საჩვენებლად, რომ მაგია მხოლოდ პირად მიზნებს ემსახურებოდა, ელეონორმა აღიარა, რომ მარჯერი ჯორდმეინისგან სიყვარულისა და ნაყოფიერების ჯადოსნურ წამლებს იღებდა.
ბევრი ისტორიკოსის აზრით, ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო და შეთითხნილ ხასიათს ატარებდა. როგორც ისტორიკოსი ჯემა ჰოლმანი 2019 წელს გამოცემულ წიგნში Royal Witches: From Joan of Navarre to Elizabeth Woodville აღნიშნავს, ასტროლოგიური პროგნოზების გამოყენება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად იმ ეპოქაში უჩვეულო არ ყოფილა, მათ შორის სამეფო ოჯახშიც.
მისივე შეფასებით, თუ ელეონორი შვილის გასაჩენად სიყვარულის წამლებს იყენებდა, ამით ის დიდად არ განსხვავდებოდა იმდროინდელი ბევრი ქალისგან, რომლებიც მსგავს მდგომარეობაში იყვნენ.
ზოგიერთი მკვლევარი ელეონორის ბედს ტრაგიკულად მიიჩნევს.
„ამ ამბავში რაღაც ძალიან სამწუხაროა“, – განუცხადა BBC-ს ეუან როჯერმა, გვიანი შუა საუკუნეებისა და ტიუდორების ეპოქის ინგლისის ისტორიკოსმა და დიდი ბრიტანეთის ეროვნულ არქივში ჩანაწერების მთავარმა სპეციალისტმა.
მისი აზრით, ელეონორი ჯადოქრობას, სავარაუდოდ, დაორსულების მცდელობისას მიმართავდა.
სიყვარულის წამლების გამოყენების ბრალდებამ სამეფო საბჭოს მისი ქორწინების გაუქმების საბაბი მისცა. ღალატის ბრალდებებმა კი ჰამფრის პოლიტიკური მდგომარეობა მკვეთრად შეასუსტა.
„ვფიქრობ, ეს ცილისწამების კამპანია იყო. ელეონორი ქმრის სუსტი წერტილი გახლდათ. ცნობილი იყო მისი ინტერესი ოკულტური პრაქტიკის მიმართ და საბჭოს წევრებმა ეს ქმარზე თავდასხმის საშუალებად გამოიყენეს“, – ამბობს როჯერი.
ისტორიკოსი ბრალდებების მტკიცებულებებსაც არასანდოდ მიიჩნევს. მისი თქმით, მათ დიდ ნაწილს როჯერ ბოლინგბროკის აღიარება წარმოადგენდა, რომელიც, სავარაუდოდ, ელეონორის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად გაასაჯაროეს. არსებობს ეჭვიც, რომ ბოლინგბროკი ფარულად აწამეს.
ბრალდების მეორე მხარე
ფილიპა გრეგორის რომანში Royal Witch ელეონორი მხოლოდ შეთქმულების მონაწილე კი არა, მოვლენების მთავარი მოქმედი პირია. ის თავად ქმნის მეფის ცვილის გამოსახულებას, მასზე მეფის მუქი, ხვეული თმის ღერებს ათავსებს და მაგიის გამოყენებას საკუთარი მიზნების მისაღწევად ცდილობს.
პირველ პირში დაწერილ რომანში ელეონორი საკუთარ მოტივებს ასე განმარტავს: მას სურს არა მხოლოდ შვილის გაჩენა, არამედ მეფის მოპოვება, ქვეყნისა და სამეფო ოჯახის გადარჩენა და საკუთარი დიდების შექმნა.
გრეგორის აზრით, ელეონორის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებები დამაჯერებელია.
„ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, რაც იმ ეპოქაში ჯადოქრობად და, შესაძლოა, სატანიზმადაც მიიჩნეოდა“, – ამბობს მწერალი.
ის ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ როჯერ ბოლინგბროკს აღიარება უკან არასდროს წაუღია. გრეგორისთვის საყურადღებოა ისიც, რომ ბრალდებულებმა საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად უფრო აქტიურად არ იბრძოლეს.
„არ მგონია, ვინმე მის წინააღმდეგ მოქმედებას გაბედავდა, მართლაც ძალიან დამაჯერებელი მტკიცებულებები რომ არ ჰქონოდათ“, – მიიჩნევს მწერალი.
მისი თქმით, ელეონორის საქმე ჩვეულებრივი ჯადოქრობის პროცესი არ ყოფილა. ის ძალაუფლების მწვერვალზე იმყოფებოდა, სამეფო ჰერცოგინია იყო, მეფის კეთილგანწყობით სარგებლობდა და ტახტის მემკვიდრეობის ხაზში იდგა.
გრეგორი ელეონორს ამბიციურ ქალად წარმოგვიდგენს, რომელიც საკუთარ ცხოვრებას თავად ქმნიდა.
„მინდა, რაღაც საკუთარი მოვიპოვო. ჩემი ტიტული, ჩემი ქონება, ჩემი მიწები. მსურს, ეს საყვარელ მამაკაცთან ერთად გავაკეთო, მაგრამ არ მინდა, მან ყველაფერი ჩემ ნაცვლად მოიპოვოს“, —- ამბობს ელეონორი რომანში.
XV საუკუნის ერთ-ერთი მემატიანე მას „საოცრად ლამაზ და მომხიბვლელ“ ქალად აღწერდა. რომანში ელეონორი მამაკაცებზე გავლენის მოსაპოვებლად საკუთარ სილამაზესა და ჭკუას იყენებს, თუმცა ხშირად მალავს ცოდნასა და თავდაჯერებულობას, რადგან იცის, რომ იმდროინდელ საზოგადოებაში ქალებისგან ნაკლებ დამოუკიდებლობას ელოდნენ.
ჰერცოგ ჰამფრის ყურადღების მისაპყრობად ის ცხენით გასეირნებისას თავს დაუცველად აჩვენებს.
„ცხენოსნობა კარგად შემიძლია, მაგრამ უმჯობესია, მყიფე და დაუცველი გამოვჩნდე, რათა მამაკაცებში რაინდული ქცევის სურვილი გავაღვიძო“, – წერს პერსონაჟი.
ამავე ხერხს ის სასამართლო პროცესზეც მიმართავს და თავს შეშინებულ, უდანაშაულო ქალად წარმოაჩენს. გრეგორის ინტერპრეტაციით, ჰამფრის ამბიციების გაღვივებაშიც ელეონორს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.
ეს სახე მოგვაგონებს უილიამ შექსპირის პიესას „ჰენრი VI, ნაწილი მეორე“, რომელშიც ელეონორი ქმარს ძალაუფლების ხელში ჩაგდებისკენ მოუწოდებს.
ამბიციური ქალი თუ პოლიტიკური მსხვერპლი?
ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, ელეონორის ამბიციურობა მას სასამართლო პროცესის მსხვერპლად ყოფნას არ გამორიცხავს.
შუა საუკუნეების მკვლევარი რალფ გრიფიტსი 1969 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში The Trial of Eleanor Cobham წერდა, რომ ელეონორი დაღუპვამდე სწორედ საკუთარმა ამბიციამ მიიყვანა. მისი ინტერესები ჯადოქრობისა და ნეკრომანტიის მიმართ, პოლიტიკურ მისწრაფებებთან შერწყმის შემდეგ, მოწინააღმდეგეებმა ღალატად წარმოაჩინეს.
როჯერიც მიიჩნევს, რომ საქმე ამბიციური ქალის ჩამოშორების მცდელობას ჰგავდა.
მისი თქმით, მსგავსი ჭორები მოგვიანებით ედუარდ IV-ისა და ელიზაბეთ ვუდვილის შესახებაც ვრცელდებოდა. ჯადოქრობაში დადანაშაულება დიდგვაროვანი ქალების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ საშუალებად იქცა.
თუმცა გრეგორი უარყოფს წარმოდგენას, რომ ელეონორი მხოლოდ პასიური მსხვერპლი იყო.
„პასიური მსხვერპლის სტერეოტიპი ისტორიულად გაუმართლებელია. ქალების შესახებ ვიქტორიანული ეპოქის წარმოდგენები წარსულში გადავიტანეთ და უგულებელვყავით ქალების უმრავლესობა, რომლებიც რთულ, ხშირად დამთრგუნველ გარემოებებშიც კი აქტიურები, მიზანდასახულები და ეფექტიანები იყვნენ“, – ამბობს მწერალი.
სასჯელი, რომელმაც სამეფო კარი შეძრა
თუ ელეონორის სასამართლო პროცესი მართლაც პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო, სასჯელები განსაკუთრებულად სასტიკი და დამამცირებელი აღმოჩნდა.
როჯერ ბოლინგბროკი საჯარო სანახაობის ნაწილად აქციეს. მას ქაღალდის გვირგვინი დაახურეს, ჯადოსნური ნივთებით გარშემორტყმულ სავარძელში დასვეს და ერესის აღიარებაზე უარის თქმა აიძულეს. რამდენიმე თვის შემდეგ ის ჩამოახრჩვეს, შემდეგ დასახიჩრებული სხეული დაანაწევრეს, ხოლო თავი ლონდონის ხიდზე გამოფინეს.
მარჯერი ჯორდმეინი კოცონზე დაწვეს.
ეკლესიამ და სამეფო საბჭომ ელეონორიც სამაგალითოდ დასაჯეს. მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა მანამდე სამი დღის განმავლობაში საჯარო მონანიება უნდა შეესრულებინა.
ელეონორი ფეხშიშველი, მხოლოდ თხელი პერანგით შემოსილი და მძიმე ცვილის სანთლით ხელში ლონდონის ქუჩებში უნდა გაეტარებინათ, თანაც ქალაქის ყველაზე ხალხმრავალ საბაზრო დღეებში.
მიუხედავად სასტიკი მოპყრობისა, გრეგორი მას მსხვერპლის სახით არ წარმოაჩენს. მწერლის თქმით, ელეონორის გამბედაობა და გონიერება პატიმრობაშიც კი შთამბეჭდავი იყო.
„მე მომწონს ქალი, რომელსაც საკუთარი ბნელი მხარისთვის თვალის გასწორება შეუძლია და ამის არც ეშინია და არც ბოდიშის მოხდა სჭირდება“, – წერს გრეგორი რომანის ბოლოსიტყვაობაში.
როგორ შეცვალა ელეონორის საქმემ ინგლისის ისტორია?
ელეონორის საქმე მხოლოდ ერთი დიდგვაროვანი ქალის ტრაგედია არ ყოფილა. ჯადოქრობისა და ღალატის ბრალდებებმა ინგლისის პოლიტიკურ ცხოვრებაზე ხანგრძლივი გავლენა მოახდინა.
დიდგვაროვანი ქალის წინააღმდეგ უპრეცედენტო სასამართლო პროცესმა ახალი სამართლებრივი მიდგომების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. მოგვიანებით მსგავსი მექანიზმები ანა ბოლეინის წინააღმდეგაც გამოიყენეს, რასაც ჰენრი VIII-ის ხელახალი ქორწინების შესაძლებლობისთვის ნიადაგის მომზადება მოჰყვა.
ელეონორის წინააღმდეგ წაყენებულმა ბრალდებებმა და ჰამფრის პოლიტიკურმა დაცემამ ლანკასტერების დინასტიის პოზიციები შეასუსტა და იორკების მეტოქე დაჯგუფებას ძალაუფლებისთვის ბრძოლის მეტი შესაძლებლობა მისცა.
ამ დაპირისპირებებმა ხელი შეუწყო ვარდების ომის დაწყებას, დაახლოებით სამი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე სისხლიან სამოქალაქო ბრძოლას ინგლისის სამეფო ტახტისთვის.
გრეგორი თითქმის სინანულით საუბრობს იმაზე, რომ ელეონორის პოლიტიკური ამბიციები ჩაიშალა. მისი აზრით, ჰერცოგინიას დედოფლად გახდომის შემთხვევაში წარმატების მიღწევა შეეძლო. მწერალი მის ძლიერ მხარეებად საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარსა და საერთაშორისო კონფლიქტების გამოცდილებას ასახელებს.
ელეონორი შესაძლოა ეგოცენტრული და ნარცისული ყოფილიყო, ამბობს გრეგორი, თუმცა შუა საუკუნეების დედოფალს ძალაუფლების შესანარჩუნებლად სწორედ ასეთი თვისებებიც სჭირდებოდა.
ისტორიკოსებისთვის კი მთავარი კითხვა კვლავ ღიად რჩება: ელეონორი მართლაც ცდილობდა მეფის მოკვლას მაგიის გამოყენებით, თუ მისი პირადი ინტერესები პოლიტიკური მოწინააღმდეგეების ხელში იარაღად იქცა?
წყარო: BBC
