ისრაელში საპარლამენტო არჩევნების ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მხარდამჭერმა ბლოკმა 53 მანდატი მოიპოვა, მისმა მოწინააღმდეგე გადი აიზენკოტის ბლოკმა – 48, ხოლო არაბულმა პარტიებმა – 19. ინფორმაციას The Times of Israel ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის 120-ადგილიან პარლამენტში, ქნესეთში, მთავრობის ფორმირებისთვის 61 მანდატია საჭირო, შესაბამისად, ვერცერთმა პოლიტიკურმა ბლოკმა დამოუკიდებლად უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო.

საბოლოო შედეგების მიხედვით, ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ 27 მანდატი მიიღო, პარტია „იაშარმა“ – 21, ხოლო „ბიახადმა“ – 12. არაბულმა პარტიებმა, „გაერთიანებულმა სიამ“ და „რაამმა“, შესაბამისად, 11 და 8 მანდატი მოიპოვეს.

„დემოკრატებმა“ 8 მანდატი მიიღეს, „ისრაელ ბეითეინუმ“, „გაერთიანებულმა თორის იუდაიზმმა“ და „ოცმა იეჰუდიტმა“ – თითოეულმა 7, ხოლო „შასმა“ და „რელიგიურმა სიონიზმმა“ – თითოეულმა 6 მანდატი.

არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 77,9%-მა მიიღო, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საერთო ჯამში, ხმა 5 მილიონ 716 ათას 665-მა მოქალაქემ მისცა.

არჩევნების შედეგებით, ნეთანიაჰუს მხარდამჭერმა პარტიებმა წინა მოწვევის პარლამენტთან შედარებით 15 მანდატი დაკარგეს. მოქმედ სამთავრობო კოალიციას აქამდე 68 ადგილი ჰქონდა.

ამასთან, არაბულმა პარტიებმა ისტორიულად მაღალი შედეგი აჩვენეს და ერთობლივად 19 მანდატი მოიპოვეს, მაშინ როდესაც წინა პარლამენტში 10 ადგილი ჰქონდათ.

თეორიულად, არაბული პარტიების მხარდაჭერა ნეთანიაჰუს მოწინააღმდეგე ბლოკს საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირების შესაძლებლობას მისცემდა. თუმცა, ამ ბლოკის პარტიათა უმრავლესობა, „დემოკრატების“ გარდა, არაბულ პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობას გამორიცხავს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ასევე უარყო არჩევნების მასშტაბური გაყალბების შესახებ გავრცელებული ბრალდებები. კომისიის ხელმძღვანელობის განცხადებით, შესაძლო უცხოური ჩარევის საკითხზე მიმდინარე მოკვლევა არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენას არ მოახდენს.

საბოლოო ოფიციალური შედეგები პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს ოთხშაბათს წარედგინება. ამის შემდეგ პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან კონსულტაციებს გამართავს, რათა განსაზღვროს, ვის დაევალება ახალი მთავრობის ფორმირება.

ახალი მოწვევის ქნესეთის პირველი სხდომა 10 ნოემბერს არის დაგეგმილი.

როგორც ნეთანიაჰუ, ისე აიზენკოტი აცხადებენ, რომ მთავრობის ფორმირებას შეძლებენ. თუმცა, არსებული საპარლამენტო განაწილების გათვალისწინებით, კოალიციის შექმნის პროცესი შესაძლოა ორ თვეზე მეტხანს გაგრძელდეს.

პრეზიდენტმა ჰერცოგმა პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ განმეორებითი არჩევნების თავიდან ასაცილებლად.