აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) სწავლობდა, შესაძლოა თუ არა სამხრეთ კაროლინიდან ამერიკელი პოლიტიკოსები, გარდაცვლილი სენატორი ლინდსი გრემი და კონგრესმენი ჯეიმს კლაიბერნი, თავდაცვის სფეროში სახელმწიფო კონტრაქტების სანაცვლოდ ქრთამის აღების სავარაუდო სქემასთან ყოფილიყვნენ დაკავშირებული. ინფორმაციას გამოცემა ProPublica-ს გამოძიებაზე დაყრდნობით The Hill ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საქმე ჰავაიზე დაფუძნებულ სამხედრო-საზღვაო კვლევით კომპანიას, Navatek-ს, უკავშირდება, რომელიც ფედერალური დაფინანსების მოპოვებას სამხრეთ კაროლინაში საქმიანობის გაფართოების გზით ცდილობდა.

ProPublica-ს მიერ მოპოვებული მასალების თანახმად, 2020 წლის მარტში ლინდსი გრემი კომპანიის ორ ხელმძღვანელსა და ლობისტს შეხვდა. Navatek-ის აღმასრულებელი დირექტორის, მარტინ კაოს, FBI-სთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, გრემი დათანხმდა კომპანიისთვის 10 მილიონი დოლარის ღირებულების სახელმწიფო კონტრაქტის უზრუნველყოფას, სანაცვლოდ კი საკუთარი საარჩევნო კამპანიისთვის 100 ათასი დოლარის შემოწირულობა მოითხოვა.

გამოცემის ინფორმაციით, კაოს მსგავსი შეთანხმებების მიღწევის მცდელობა ჰქონდა კონგრესმენ ჯეიმს კლაიბერნთან და წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის გავლენიან წევრთან, ჯო უილსონთანაც.

FBI-მ შესაძლო კორუფციული სქემის გამოძიება 2025 წლის დასაწყისში დაიწყო. გამოძიების ფარგლებში აგენტებმა მარტინ კაო გამოკითხეს, რომელმაც, ProPublica-ს ცნობით, აღიარა, რომ მისი ბიზნესმოდელი სახელმწიფო კონტრაქტების სანაცვლოდ საჯარო მოხელეების მოსყიდვას ეფუძნებოდა. მისივე განცხადებით, კომპანიის მიერ ფედერალური მთავრობისთვის შესრულებულ კვლევებს ხშირად პრაქტიკული ღირებულება არ ჰქონდა.

გამოცემის თანახმად, Navatek-მა სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტთან ერთობლივი კვლევითი პროექტი შეიმუშავა და მის დასაფინანსებლად კონგრესს 9,5 მილიონი დოლარი მოსთხოვა. კომპანიის გეგმა ითვალისწინებდა მომდევნო წლებში დაფინანსების გაგრძელებასა და დამატებითი პროექტების განხორციელებას, რომელთა საერთო ღირებულება 90 მილიონ დოლარს მიაღწევდა.

2019 წლის დეკემბერში კონგრესმა დაამტკიცა საბიუჯეტო კანონპროექტი, რომელიც Navatek-ის პროექტისთვის 9,5 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა.

გრემის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ თანხა ბიუჯეტში კომპანიისა და უნივერსიტეტის მოთხოვნით ჩაიდო, თუმცა უარყო, რომ სენატორის გადაწყვეტილება საარჩევნო შემოწირულობის მიღების სურვილით იყო განპირობებული.

მარტინ კაომ 2022 წელს უკანონო საარჩევნო შემოწირულობებისა და სასესხო თაღლითობის საქმეზე ბრალი აღიარა. 2025 წელს მას 87 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ProPublica-ს ცნობით, კაო FBI-სთან თანამშრომლობით სასჯელის შემსუბუქებას ცდილობდა.

გამოცემის მიერ შესწავლილი დოკუმენტების თანახმად, გამოძიება Navatek-ის ყოფილ ხელმძღვანელებსაც შეეხებოდა, თუმცა მათ წინააღმდეგ ბრალი არ წარუდგენიათ.

ამასთან, ProPublica ხაზს უსვამს, რომ გრემი, კლაიბერნი და უილსონი გამოძიების ოფიციალური სუბიექტები არ ყოფილან. FBI სწავლობდა მათ ურთიერთობებს მარტინ კაოსთან, ხოლო გამომძიებლები არ გამორიცხავდნენ, რომ მომავალში მათი სამართლებრივი სტატუსი შეცვლილიყო.

გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ FBI-სა და იუსტიციის დეპარტამენტში საჯარო კორუფციის საქმეებზე მომუშავე არაერთი ჯგუფი დაიშალა. უწყება დატოვეს იმ ორმა აგენტმაც, რომლებიც აღნიშნულ საქმეს იძიებდნენ. შედეგად, გამოძიება ფაქტობრივად შეჩერებულია.

FBI-მ ProPublica-ს გამოქვეყნებული ინფორმაცია უარყო და მას მცდარი და შეცდომაში შემყვანი ბრალდებები უწოდა.

ბრალდებებს უარყოფენ პოლიტიკოსების წარმომადგენლებიც. გრემის ყოფილმა პრესმდივანმა განაცხადა, რომ კაოს მიერ აღწერილი სავარაუდო შეთანხმებები სიმართლეს არ შეესაბამება.

კლაიბერნის წარმომადგენლის განმარტებით, კონგრესმენის მიერ უნივერსიტეტების მხარდაჭერა არასოდეს ყოფილა დამოკიდებული რომელიმე დონორის ფინანსურ შემოწირულობაზე.

ჯო უილსონის წარმომადგენელმა კი აღნიშნა, რომ კონგრესმენი ყოველთვის იცავდა ფედერალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილ შემოწირულობების წესებს.