ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ილიანა იოტოვამ გაიმარჯვა და ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი გახდა, რომელიც პრეზიდენტის თანამდებობაზე აირჩიეს. ინფორმაციას ბულგარეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (BNT) ავრცელებს.

იოტოვასთან ერთად ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას კირილ ვალჩევი დაიკავებს.

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ იოტოვამ ამომრჩევლებს, მისი კანდიდატურის წარმდგენ საინიციატივო ჯგუფსა და მხარდამჭერ პოლიტიკურ პარტიებს მადლობა გადაუხადა. მან განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა მოძრაობა „პროგრესული ბულგარეთისა“ და პრემიერ-მინისტრ რუმენ რადევის მიმართ.

„მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო „პროგრესულ ბულგარეთსა“ და ბატონ რადევს – თქვენ გარეშე ამას ვერ შევძლებდით“, – განაცხადა იოტოვამ.

ახლად არჩეული პრეზიდენტის თქმით, მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საზოგადოებაში არსებული პოლიტიკური დაპირისპირებისა და პოლარიზაციის შემცირება იქნება.

იოტოვამ აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მის მხარდამჭერებზე მნიშვნელოვანი ზეწოლა ხორციელდებოდა, თუმცა მათ საკუთარი პოზიცია არ შეუცვლიათ.

მისი განცხადებით, არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ მოქალაქეები პოლიტიკურ დაპირისპირებას დიალოგსა და თანამშრომლობას ამჯობინებენ.

„ადამიანებმა საკუთარი არჩევანით თქვეს, რომ გადაწყვეტილებები დიალოგით, თანამშრომლობითა და ინსტიტუტებს შორის კოორდინაციით უნდა მიიღებოდეს და არა სხვების საქმიანობის საბოტაჟით“, – განაცხადა იოტოვამ.

ახალარჩეული ვიცე-პრეზიდენტის, კირილ ვალჩევის თქმით, არჩევნების მეორე ტურში მათ მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაზარდეს. მან მადლობა გადაუხადა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბულგარელებს და განაცხადა, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას ქვეყნის ევროპულ მომავალსა და ახალგაზრდების ინტერესებს დაუთმობს.

იოტოვას გამარჯვება მიულოცა მისმა კონკურენტმა ანდრეი გიუროვმაც. ახლად არჩეული პრეზიდენტის განცხადებით, გიუროვმა მასთან სატელეფონო საუბრისას გამოთქვა რწმენა, რომ ის შეძლებს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან დიალოგის წარმართვას.

არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი რუმენ რადევიც. მისი განცხადებით, იოტოვას გამარჯვება ადასტურებს მთავრობის მიერ არჩეული პოლიტიკური კურსის მხარდაჭერას.

რადევის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში მათმა კანდიდატმა დაახლოებით ერთი მილიონი ხმა მიიღო.

„დღეს ბულგარელებმა წარსულის ნაცვლად მომავალი აირჩიეს, აირჩიეს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარების მკაფიო პერსპექტივა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რადევმა შესაძლო საპროტესტო აქციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოქალაქეებს პროტესტის გამოხატვის უფლება აქვთ, თუმცა ეს, მისი შეფასებით, ყოველ რამდენიმე თვეში ახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი არ უნდა გახდეს.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, შეძლებს თუ არა ილიანა იოტოვა რუმენ რადევისგან პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა უპასუხა:

„პოლიტიკაში თითქმის 30-წლიანი გამოცდილება მაქვს და ჯერ არ გამოჩენილა ადამიანი, რომელიც მეტყვის, რა უნდა გავაკეთო“.

არჩევნებში გამარჯვება იოტოვასა და ვალჩევს სხვა მხარდამჭერმა პოლიტიკურმა ძალებმაც მიულოცეს, მათ შორის ბულგარეთის სოციალისტურმა პარტიამ და მოძრაობა VMRO-მ.

იოტოვას განცხადებით, პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ერთიანობის აღდგენა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება იქნება.

ცნობისთვის, ბულგარეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ბიულეტენების 99.66%-ის დათვლის შემდეგ ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა, ილიანა იოტოვამ გაიმარჯვა. იოტოვამ ხმების 57.66% მიიღო. მისმა მეტოქემ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი გიუროვმა კი – 39.38%.