რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკის რაიონში ჰუმანიტარული ოპერაციისთვის გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სამხედრო პოზიციების გასაძლიერებლად გამოიყენეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
უკრაინული მხარის განცხადებით, ჰუმანიტარული ოპერაციის მიმდინარეობისას უკრაინის თავდაცვის ძალები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას სრულად იცავდნენ, ხოლო რუსულმა ქვედანაყოფებმა ეს პერიოდი სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად გამოიყენეს.
„მოწინააღმდეგემ ჰუმანიტარული პაუზა საკუთარი პოზიციების გასამყარებლად გამოიყენა. ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში დაფიქსირდა რუსული ქვედანაყოფების როტაცია, პოზიციების გამაგრება, გზებზე დრონების საწინააღმდეგო საშუალებების განთავსების გაფართოება და ლოგისტიკური შესაძლებლობების გაძლიერება, მათ შორის საბრძოლო მასალის მიწოდება“, – ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.
ამასთან, უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მოქმედების პერიოდში ჰუმანიტარული ტვირთების დანიშნულების ადგილზე მიტანა მოხერხდა, ხოლო ოლეშკიდან გასვლის მსურველი უკრაინის მოქალაქეები უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნდნენ.
ოლეშკის რაიონში ცეცხლის შეწყვეტის დროებითი რეჟიმი 27 ოქტომბერს, დილის 03:00 საათზე ამოქმედდა. შეთანხმების შესახებ თავდაპირველად უკრაინის სახალხო დამცველმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა. მოგვიანებით მისი ამოქმედება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა.
შეთანხმების თანახმად, ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციის მარშრუტი რუსეთისა და ბელარუსის გავლით უკრაინაში დაბრუნებას ითვალისწინებდა.
31 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაცია წარმატებით განხორციელდა და ევაკუირებულმა უკრაინის მოქალაქეებმა სახელმწიფო საზღვარი ჩერნიჰივის ოლქში გადაკვეთეს.
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი პირველ ნოემბერს, 22:59 საათზე დასრულდა.
უკრაინის სახალხო დამცველის განცხადებით, ჰუმანიტარული ოპერაციის განმავლობაში ორივე მხარემ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებები შეასრულა.
ამასთან, უკრაინის გენშტაბი ამტკიცებს, რომ რუსულმა ძალებმა ჰუმანიტარული პაუზა საკუთარი სამხედრო ინფრასტრუქტურისა და პოზიციების გასაძლიერებლად გამოიყენეს.