პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის,  ალეკო ელისაშვილის ადვოკატები განცხადებით მიმართავენ გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს, რომ მსჯავრდებულმა პოლიტიკოსმა ისარგებლოს იმ უფლებებით, რითაც პენიტენციურ დაწესებულებაში სხვა პატიმრები სარგებლობენ.  როგორც ადვოკატებმა გენერალურ პროკურატურასთან ჟურნალისტებს განუცხადეს, მათ ჩაიბარეს ახალი დადგენილება, რომლითაც  ალეკო ელისაშვილს  პაემნისა და ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის უფლება არ აქვს. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ეს არის უსაფუძვლო შეზღუდვები, რაც რეალურად ემსახურება  ალეკო ელისაშვილის  პოლიტიკურ დევნას. მათივე განმარტებით, აქედან გამომდინარე მიმართავენ გენერალურ პროკურორს, რომ გაერკვეს საკითხში და მსჯავრდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს.

 ამასთან,   ადვოკატის  გიორგი რეხვიაშვილის განცხადებით, ჩამორთმეულ ტექნიკაზე, რომელიც გამოძიების ეტაპზე ამოიღეს სამართალდამცველებმა, უკვე განაჩენი დამდგარია და შესაბამისად, აღნიშნული ტექნიკის დამატებითი შესწავლა საჭირო არ არის.  „ეს შეზღუდვები ემსახურება მხოლოდ ერთ საკითხს, რომ  ალეკო ელისაშვილი დასაჯონ მისი პოლიტიკურ საქმიანობიდან გამომდინარე“, – განაცხადა  ადვოკატმა  და აღნიშნა, რომ „აქ  მამუკა მდინარაძის   ფაქტორიც არის“.