“ პოსტსაბჭოთა და სოციალისტურმა სამყარომ ჩვენ უნდა გვასწავლოს დემოკრატია? თვითონ სად იყვნენ 30 წლის წინ? – ჩვენ არავისგან დემოკრატია არ გვესწავლება. არ გვესწავლება პაველ ჰერჩინსკისგან, კაია კალასისგან, მარტა კოსისგან, “ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და მას ევროპელი დიპლომატები უნდა მოექცნენ ისე, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას. „კომპლექსები უნდა მოვიცილოთ. ჩვენ არავისგან დემოკრატია არ გვესწავლება. არ გვესწავლება პაველ ჰერჩინსკისგან, ვისაც ცხოვრების ნახევარი სოციალისტურ სახალხო რესპუბლიკა პოლონეთში აქვს გატარებული. არ გვესწავლება კაია კალასისგან, რომელიც კომუნისტური ნომენკლატურის ელიტურ ოჯახში, ესტონეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაშია გაზრდილი. არ გვესწავლება მარტა კოსისგან, რომელიც სოციალურ იუგოსლავიაში არის გაზრდილი. მის მიმართ ბრალდებებიც არსებობს, მათ შორის, იუგოსლავიის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით, მას დღემდე არ უპასუხია ამ ბრალდებებთან დაკავშირებით დამაჯერებლად.
პოსტსაბჭოთა და სოციალისტურმა სამყარომ ჩვენ უნდა გვასწავლოს დემოკრატია? თვითონ სად იყვნენ 30 წლის წინ? ისე უნდათ წარმოაჩინონ, რომ თითქოს ახალი დემოკრატია ვართ, უმცროსი დემოკრატიები და უფროსი ძმები რაღაცას გვასწავლიან. გადახედოს ყველამ თავის ისტორიას, სად იყო გერმანია 80 წლის წინ? სად იყვნენ სკანდინავიური ქვეყნები: შვედეთი, დანია, რომლებიც საკუთარ მოსახლეობაზე ევგენისტურ ტესტებსა და ექსპერიმენტებს ატარებდნენ? მათგან ჩვენ დემოკრატია არ გვესწავლება. მზად ვართ ყველასთან ვისაუბროთ დემოკრატიაზე, მაგრამ არა ისე, როგორც ბატონი ჰერჩინსკი აკეთებდა ამას გუშინ. გამოვიდა აქ ისე, როგორც პედაგოგი, რომელმაც ჩვენ აქ, სკოლაში რაღაც უნდა გვასწავლოს. ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და მოგვექცნენ, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას“,- განაცხადა პაპუაშვილმა.