აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დატოვოს და 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყოს.

როგორც რუბიომ The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა, მისი თავდაპირველი განზრახვა პრეზიდენტ ტრამპის უფლებამოსილების ვადის დასრულებამდე თანამდებობაზე დარჩენა იყო და ეს გეგმა არ შეცვლილა.

სახელმწიფო მდივნის თქმით, მისთვის გაუგებარია, საიდან ვრცელდება ინფორმაცია შესაძლო გადადგომის შესახებ.

მანამდე Bloomberg-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუბიო და მისი მრჩევლები სამომავლო პოლიტიკურ გეგმებს განიხილავდნენ, მათ შორის ადმინისტრაციიდან შესაძლო წასვლის საკითხს.

ამავე ცნობების მიხედვით, სახელმწიფო მდივანს შესაძლოა, თანამდებობის დატოვება 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მოსამზადებლად განეხილა.

გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს თეთრ სახლსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტშიც.

რაც შეეხება 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო მონაწილეობას, რუბიომ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ მომავალ არჩევნებთან დაკავშირებული გეგმების განხილვას აღარ აპირებს.

რუბიო, რომელიც სახელმწიფო მდივნის თანამდებობასთან ერთად პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის ფუნქციასაც ასრულებს, რესპუბლიკური პარტიის 2028 წლის საპრეზიდენტო კანდიდატობის შესაძლო პრეტენდენტებს შორის სახელდება. თუმცა, მას არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია.