იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტას ოფიციალური წერილით მიმართა და უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენლობის საკითხის გადაწყვეტა მოითხოვა.
მელონის განცხადებით, აუცილებელია, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, ვინ მიიღებს მონაწილეობას სამშვიდობო მოლაპარაკებებში გაერთიანების სახელით და რა უფლებამოსილება ექნება აღნიშნულ წარმომადგენელს.
იტალიის პრემიერის შეფასებით, ევროპული სახელმწიფოების მიერ სხვადასხვა ფორმატში, ერთმანეთთან შეუთანხმებლად წარმოებული დიპლომატიური ინიციატივები ევროკავშირის პოზიციას ასუსტებს და მის საერთაშორისო სანდოობას აზიანებს.
მელონი მიიჩნევს, რომ მსგავსი მიდგომა იმ ძალების ინტერესებს ემსახურება, რომლებსაც უკრაინაში ომის გაგრძელება სურთ.
იტალიის მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ინიციატივა მოლაპარაკებებში პირადად მის ან იტალიის წარმომადგენლის მონაწილეობას არ ისახავს მიზნად. ამასთან, რომი არ მიიღებს ისეთ ვალდებულებებს, რომლებიც ევროკავშირის სახელით წევრი ქვეყნების მიერ შეთანხმებული მანდატის გარეშე იქნება ნაკისრი.
მელონიმ კოშტას შესთავაზა, საკითხი 13 ნოემბერს, დუბლინში დაგეგმილ ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე განიხილონ. მისი ინიციატივით, ევროკავშირმა დიდ ბრიტანეთთან, ნორვეგიასა და სხვა ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება დეკემბრის სამიტზე უნდა მიიღოს.
იტალიის პრემიერის შეფასებით, თუ ევროკავშირი მოლაპარაკებების პროცესში ერთიან პოზიციას ვერ ჩამოაყალიბებს, არსებობს საფრთხე, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას მისი გავლენა შემცირდეს.
მელონის წერილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტაც გამოეხმაურა. მან გაიზიარა მოსაზრება, რომ ევროკავშირმა უკრაინის საკითხზე შეთანხმებულად უნდა იმოქმედოს და დაადასტურა მზადყოფნა, დუბლინის შეხვედრაზე აღნიშნული საკითხის განხილვას დრო დაუთმოს.
ამასთან, კოშტამ განმარტა, რომ ევროკავშირის ინტერესები მისმა ინსტიტუტებმა, ევროკავშირის ხელშეკრულებებით განსაზღვრული უფლებამოსილების შესაბამისად, უნდა წარმოადგინონ.