საქართველოს პარლამენტი „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვას იწყებს. „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე იურიდიულ საკითხთა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტები იმსჯელებენ.
კანონპროექტი არჩევნების შედეგების შეჯამების პროცედურებსა და საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილებებში ცვლილებებს ითვალისწინებს.
შემოთავაზებული რეგულაციებით, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამება ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება გახდება. მოქმედი წესისგან განსხვავებით, აღნიშნულ ფუნქციას საოლქო საარჩევნო კომისიები აღარ შეასრულებენ.
ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებულია არჩევნების შედეგების შეჯამებისთვის განსაზღვრული ვადის შემცირება. კერძოდ, არსებული 26 დღის ნაცვლად, პროცესი 15 დღეში უნდა დასრულდეს.
ცვლილებების კიდევ ერთი ნაწილი საარჩევნო უბნებზე ხმების ხელახალ გადათვლას ეხება. ინიციატივის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიებს მოეხსნებათ ვალდებულება, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით განსაზღვრულ საარჩევნო უბნებზე ხმები ხელახლა გადათვალონ.
აღნიშნული ცვლილებები ამ ეტაპზე საკანონმდებლო ინიციატივის სახით არის წარმოდგენილი და მათი ამოქმედებისთვის პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღებაა საჭირო.