„ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE) ქართული ოპოზიციური პარტიის, „დროას“ მიმართ რუსეთის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და პარტიას სოლიდარობას უცხადებს.

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შეფასებით, „დროას“ საქმიანობა მიმართულია რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ, საქართველოს სუვერენიტეტის დაცვისა და ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდაჭერისკენ.

ALDE-ში აღნიშნავენ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ გასულ წელს თავად ალიანსიც „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ კვლავაც მხარს უჭერს იმ პოლიტიკურ ძალებსა და ადამიანებს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიული პროცესებისა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის იბრძვიან.

ცნობისთვის, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ 5 ნოემბერს ოპოზიციური პარტია „დროა“ რუსეთის ტერიტორიაზე „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა.

რუსეთის პროკურატურის განცხადებაში გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად დასახელებულია პარტიის პოზიცია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე.

„დროა“ რუსეთის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ.