არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლების სამმხრივი მოლაპარაკებები დახურულ რეჟიმში გაიმართება. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო РИА Новости მოლაპარაკებების მომზადების პროცესთან დაკავშირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
„პრესის წარმომადგენლებს არ დაუშვებენ“, – განუცხადა წყარომ სააგენტოს.
მისივე ინფორმაციით, რუსეთის დელეგაცია აბუ-დაბიში უკვე ჩავიდა.
სამმხრივი კონსულტაციები 10-11 ნოემბერს არის დაგეგმილი. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები იქნება უსაფრთხოების გარანტიები, დაძაბულობის შემცირება, ჰუმანიტარული საკითხები და უკრაინაში ომის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მიმართული შემდგომი ნაბიჯები.
РИА Новости-ს ცნობით, რუსეთის დელეგაციაში შედიან პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები სერგეი რიაბკოვი და მიხაილ გალუზინი, რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი იგორ კოსტიუკოვი და მისი მოადგილე იური ჟიგარლოვსკი.
უკრაინულ დელეგაციაში, სააგენტოს ინფორმაციით, მონაწილეობენ საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია, მისი მოადგილე სერგეი კისლიცა, თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილე ვადიმ სკიბიცკი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი.
ამერიკულ მხარეს, გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ.