UFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დანა უაითმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეთავაზებაზე, დაეკავებინა თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა, უარი განაცხადა. მოგვიანებით ტრამპმა განმარტა, რომ მისი შეთავაზება ხუმრობა იყო.
9 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრი სახლის ბრიფინგების დარბაზში მოულოდნელი პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც დანა უაითიც ესწრებოდა.
პრესკონფერენციის განმავლობაში უაითმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა. შეხვედრის დასასრულს ტრამპმა მას ჰკითხა, სურდა თუ არა თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობის დაკავება.
„გმადლობთ შეთავაზებისთვის, სერ. პოლიტიკაში ყოფნა არ მსურს“, – უპასუხა უაითმა.
მანამდე, 7 ნოემბერს, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ UFC-ის ხელმძღვანელს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა.
აღნიშნულმა განცხადებამ მედიაში ინტერესი გამოიწვია, თუმცა მოგვიანებით ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ შეთავაზება სერიოზული არ ყოფილა და ის ხუმრობდა.
დანა უაითი დონალდ ტრამპის დიდი ხნის მეგობარია და წლების განმავლობაში საჯაროდ უჭერდა მას მხარს.