1946 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ, ევროპის ქალაქების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ნანგრევებში იყო, მილიონობით ადამიანი კი საკვების, ტანსაცმლისა და პირველადი მოხმარების ნივთების დეფიციტს განიცდიდა. სწორედ ამ ვითარებაში შეიქმნა ჰუმანიტარული დახმარების პროგრამა CARE, რომელმაც თავდაპირველად ამერიკული არმიის გამოუყენებელი საკვების მარაგების მოსახლეობისთვის გადაცემა დაიწყო. მომდევნო ათწლეულებში ეს ინიციატივა საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა, რომლის საქმიანობა დღესაც გრძელდება.
ბავშვობის მოგონება ომისშემდგომი გერმანიიდან
2012 წელს, როდესაც მარლენე მატას მეუღლე, 90 წლის პეტერი გარდაიცვალა, ოჯახის მეგობრებმა გადაწყვიტეს, მისი ხსოვნის პატივსაცემად საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის თანხა შეეწირათ.
მარლენემ მაშინ ბავშვობა გაიხსენა – მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გერმანია, შიმშილი, განადგურებული ქალაქები და ამერიკიდან გამოგზავნილი ამანათები, რომლებიც მისი ოჯახისთვის გადარჩენის ერთ-ერთ საშუალებად იქცა.
„ექვსი წლის ვიყავი და CARE-ის ამანათები რომ არა, დღეს აქ არ ვიქნებოდი“, – იხსენებს ის.
მარლენე ფრანკფურტში დაიბადა. ომის ბოლო წლებში, მოკავშირეთა დაბომბვების დროს, დედამ ის და მისი ორი უმცროსი და-ძმა ქალაქგარეთ გადაიყვანა.
ომის დასრულების შემდეგ ოჯახი ფრანკფურტში დაბრუნდა, თუმცა ქალაქის დიდი ნაწილი განადგურებული დახვდათ.
მარლენეს დედამ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სამრეცხაოში დაიწყო მუშაობა. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ოჯახი სამხედრო კომპლექსის სარდაფში ცხოვრობდა.
სწორედ იქ მიიღეს პირველი CARE-ის ამანათები.
ყუთებში საკვებთან ერთად ტანსაცმელი, საპონი და ყოველდღიური მოხმარების სხვა ნივთები იდო.
მარლენეს განსაკუთრებით ახსოვს წითელი ფერის საპონი Lifebuoy.
„დიდი ხანი ხელების დაბანის შესაძლებლობაც კი არ გვქონდა. ახლა კი შეგვეძლო სხეულისა და თმის დაბანა. საოცარი სურნელი ჰქონდა“, – იხსენებს ის.
მისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო რძის ფხვნილი და პური.
ამერიკელებისგან მიღებულმა დახმარებამ მას ინგლისური ენის შესწავლის სურვილიც გაუჩინა. გოგონა ამერიკული სამხედრო რადიოსადგურის გადაცემებს უსმენდა და ცდილობდა, ენა ესწავლა.
როგორ გაჩნდა CARE-ის იდეა?
მეორე მსოფლიო ომმა ევროპაში უპრეცედენტო ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.
ქალაქები განადგურებული იყო, სასოფლო-სამეურნეო წარმოება შეფერხებული, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა კი – დაზიანებული.
ომის განმავლობაში მსოფლიოში შიმშილსა და მასთან დაკავშირებულ დაავადებებს, სხვადასხვა ისტორიული შეფასებით, 20 მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
ომის დასრულების შემდეგ საკვების მწვავე დეფიციტი კვლავ არსებობდა.
ამ პირობებში, 1945 წელს, შეერთებულ შტატებში რამდენიმე ჰუმანიტარული ორგანიზაციის გაერთიანების საფუძველზე შეიქმნა CARE.
მისი თავდაპირველი სახელწოდება იყო Cooperative for American Remittances to Europe – ამერიკული დახმარების ევროპაში გაგზავნის კოოპერატივი.
ორგანიზაციის შექმნაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს უოლას კემპბელმა, არტურ რინგლენდმა და ლინკოლნ კლარკმა.
ინიციატივამ 22 ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაცია გააერთიანა, მათ შორის რელიგიური და საერო ჯგუფები.
მიზანი მარტივი იყო: ამერიკაში არსებული რესურსები ევროპაში მცხოვრები ადამიანებისთვის მიეწოდებინათ.
პირველი 15 000 ამანათი
1946 წლის მაისში საფრანგეთის საპორტო ქალაქ ლე-ავრში CARE-ის პირველი 15 000 ამანათი ჩავიდა.
მათში ძირითადად ამერიკული არმიის გამოუყენებელი საკვების მარაგები იყო მოთავსებული.
ყუთები შეიცავდა მარგარინს, თაფლს, ქიშმიშს, კვერცხის ფხვნილს, ცხიმს, ხორცს, ლობიოსა და სხვა პროდუქტებს.
ამანათში ერთი ფუნტი, დაახლოებით 450 გრამი, შოკოლადიც შედიოდა.
იმ დროისთვის, როდესაც ევროპაში მრავალი ოჯახი საკვების ყოველდღიური ულუფის მოპოვებასაც ვერ ახერხებდა, ასეთი ამანათი მნიშვნელოვან დახმარებას წარმოადგენდა.
პროგრამას მხარი ამერიკის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმაც დაუჭირა.
1946 წლის 7 მაისს მან საკუთარი სახსრებიდან 1 500 დოლარი გაიღო 100 CARE-ის ამანათის შესაძენად, რომლებიც ევროპაში გასანაწილებლად გაიგზავნა.
თავდაპირველად ამერიკელ მოქალაქეებს შეეძლოთ 10 დოლარის გადახდით კონკრეტული ადამიანისთვის ამანათის გაგზავნა.
ორგანიზაცია ამანათის ოთხ თვეში მიწოდების გარანტიას იძლეოდა.
სისტემა მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას არ ემსახურებოდა.
ის ომის შედეგად დაშორებული ოჯახების დაკავშირების საშუალებაც გახდა.
თუ მიმღები მითითებულ მისამართზე აღარ ცხოვრობდა, CARE-ის თანამშრომლები ცდილობდნენ, მისი ადგილსამყოფელი დაედგინათ.
ზოგჯერ ამ გზით ამერიკელები იგებდნენ, ცოცხლები იყვნენ თუ არა ევროპაში დარჩენილი ნათესავები.
დახმარება უცნობი ადამიანებისთვის
თავდაპირველად CARE-ის ამანათებს კონკრეტული ადრესატი უნდა ჰყოლოდა.
თუმცა მალე ორგანიზაციამ ისეთი შემოწირულობებიც მიიღო, რომელთა გამგზავნებს მიმღები პირადად არ იცნობდნენ.
ამერიკელები დახმარებას უგზავნიდნენ უბრალოდ გაჭირვებულ ოჯახებს, მასწავლებლებს, ბავშვებსა და ომის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს.
ამანათები თანდათან ამერიკულ საზოგადოებაში სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.
ამ პროცესში ბავშვებიც მონაწილეობდნენ.
სიუზან უოლტონი, რომელიც იმ დროს ნიუ-იორკში ცხოვრობდა, იხსენებს, როგორ ამზადებდა სკოლაში თავის დასთან ერთად ევროპაში გასაგზავნ ყუთებს.
მათში კონსერვებს, კბილის პასტასა და სხვა აუცილებელ ნივთებს ათავსებდნენ.
სიუზანი წარმოშობით ინგლისიდან იყო. მისი ოჯახი ომის წლებში ამერიკაში ცხოვრობდა, თუმცა 1945 წელს ლივერპულში დაბრუნებისას თავად ნახა, რამდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ბრიტანეთის მოსახლეობა.
ამ გამოცდილებამ მას დახმარების სურვილი გაუჩინა.
მოგვიანებით იგი ამბობდა, რომ ბავშვობის ასაკის მიუხედავად, ამანათების მომზადების პროცესი მთელი ცხოვრების განმავლობაში ახსოვდა.
ბერლინის ბლოკადა და 200 000-ზე მეტი ამანათი
1948 წელს CARE-ის საქმიანობა ცივი ომის ერთ-ერთ პირველ დიდ კრიზისსაც დაუკავშირდა.
იმავე წლის ივნისში საბჭოთა კავშირმა დასავლეთ ბერლინისკენ მიმავალი სახმელეთო და წყლის სატრანსპორტო გზები დაბლოკა.
ქალაქის დასავლეთ სექტორებში მცხოვრები დაახლოებით 2,5 მილიონი ადამიანი საკვების, მედიკამენტებისა და სხვა აუცილებელი რესურსების დეფიციტის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
დასავლელმა მოკავშირეებმა ქალაქის მომარაგება საჰაერო გზით დაიწყეს.
ამ ოპერაციის ფარგლებში ბერლინში CARE-ის 200 000-ზე მეტი ამანათი ჩაიტანეს.
1949 წლის მაისში ბლოკადის დასრულების შემდეგ ორგანიზაციის სატვირთო ავტომობილები ერთ-ერთი პირველი შევიდნენ ქალაქში.
თუმცა ამ პერიოდში ჰუმანიტარულ დახმარებას პოლიტიკური მნიშვნელობაც შეიძინა.
ალაბამის უნივერსიტეტის ისტორიკოს მარგარეტ პიკოკის შეფასებით, CARE-ის საქმიანობა ერთდროულად ორ მიზანს ემსახურებოდა: შიმშილისგან დაზარალებული ადამიანების დახმარებასა და ცივი ომის პირობებში ამერიკული გავლენის გაძლიერებას.
ამგვარად, CARE-ის ისტორია არა მხოლოდ ჰუმანიტარული საქმიანობის, არამედ ომისშემდგომი საერთაშორისო ურთიერთობების ნაწილიც გახდა.
საკვების ამანათებიდან გლობალურ ჰუმანიტარულ ორგანიზაციამდე
1940-იანი წლების ბოლოს ევროპაში სასურსათო კრიზისის თანდათან შემცირებასთან ერთად CARE-მა საქმიანობის გაფართოება დაიწყო.
1953 წელს ორგანიზაციის სახელწოდება შეიცვალა და გახდა Cooperative for American Relief Everywhere.
ახალი სახელწოდება ასახავდა მის საერთაშორისო საქმიანობას, რომელიც უკვე ევროპის ფარგლებს სცდებოდა.
მომდევნო ათწლეულებში ორგანიზაციამ პროგრამები განავითარა აზიაში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში.
საკვებისა და ტანსაცმლის გარდა, CARE-მა დახმარების სახით დაიწყო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, თესლის, სასკოლო ნივთების, სამეცნიერო წიგნების, საკერავი მანქანებისა და სხვადასხვა სამუშაო ხელსაწყოს გაგზავნა.
საავადმყოფოებს სამედიცინო მოწყობილობებიც მიეწოდებოდა, მათ შორის ე.წ. რკინის ფილტვები, რომლებიც პოლიომიელიტით დაავადებული პაციენტების სუნთქვის დასახმარებლად გამოიყენებოდა.
1961 წელს პრეზიდენტ ჯონ კენედის მიერ მშვიდობის კორპუსის შექმნის შემდეგ CARE-მა მონაწილეობა მიიღო მისი პირველი მოხალისეების მომზადებასა და ზოგიერთი საწყისი პროექტის მართვაში.
ამავე პერიოდში ორგანიზაციის მიერ გაგზავნილი ამანათების საერთო რაოდენობამ 50 მილიონს მიაღწია.
რატომ ინახავდნენ CARE-ის ყუთებს ათწლეულების განმავლობაში?
CARE-ის პირველი ამანათები გამძლე მუყაოს ყუთებში თავსდებოდა.
მათი კონსტრუქცია გათვლილი იყო დაახლოებით 13,6 კილოგრამი ტვირთის ათასობით კილომეტრზე გადასატანად.
ევროპაში მიმღებები ხშირად თავად ყუთებსაც ინახავდნენ და სხვა დანიშნულებით იყენებდნენ.
ინგლისელი ბიბლიოთეკარი რუთ კარლაილი იხსენებს, რომ მისი ოჯახის CARE-ის ძველი ყუთი რამდენიმე თაობას გადაეცა.
1970-იან წლებში მასში თეატრალური კოსტიუმები ინახებოდა.
მოგვიანებით ყუთი თავად რუთს გადაეცა, როდესაც სკოლაში თეატრალურ გაკვეთილებზე სიარული დაიწყო.
მისი თქმით, ათწლეულების შემდეგაც ყუთი მშობლების ავტოფარეხში ინახებოდა.
CARE-ის ერთ-ერთი ისტორიული ამანათი დღეს სმიტსონის ინსტიტუტის ამერიკის ისტორიის ეროვნული მუზეუმის კოლექციაშიც არის დაცული.
1960-იანი წლებით დათარიღებულ ყუთში მაკარონი, სიმინდის ფქვილი, რძის ფხვნილი და სხვა პროდუქტებია.
მასში მოთავსებულია 1962 წლის 6 აგვისტოს დათარიღებული წერილიც, რომელიც ამერიკული სამხედრო ხომალდის USS Lake Champlain-ის ეკიპაჟისგან არის გამოგზავნილი.
ქალებისა და ადგილობრივი თემების მხარდაჭერა
1970-იანი წლებიდან CARE-მა საქმიანობის მართვაში უფრო აქტიურად ჩართო ადგილობრივი სპეციალისტები.
ორგანიზაციამ თანდათან უარი თქვა მიდგომაზე, რომლის მიხედვითაც დახმარების პროგრამებს ძირითადად ამერიკელი თანამშრომლები ხელმძღვანელობდნენ.
დღეს CARE-ის თანამშრომლების დაახლოებით 97% იმ ქვეყნებშია დაქირავებული, სადაც ორგანიზაცია საქმიანობს.
1980-იან და 1990-იან წლებში განსაკუთრებული ყურადღება ქალებისა და გოგონების ეკონომიკურ და სოციალურ შესაძლებლობებზე გამახვილდა.
1991 წელს ნიგერში ორგანიზაციამ დანერგა სათემო დანაზოგებისა და სესხების პროგრამა, რომლის მიზანიც ქალების ფინანსური დამოუკიდებლობის ხელშეწყობა იყო.
1993 წელს CARE-ის სახელწოდება კიდევ ერთხელ შეიცვალა და გახდა Cooperative for Assistance and Relief Everywhere.
ამ ცვლილებამ ორგანიზაციის საქმიანობის გლობალური და მრავალმხრივი ხასიათი კიდევ უფრო მკაფიოდ გამოხატა.
CARE-ის 80 წელი-— როგორ შეიცვალა ჰუმანიტარული დახმარება?
დღეს CARE-ის დახმარების ფორმები მნიშვნელოვნად განსხვავდება 1946 წლის პირველი სასურსათო ამანათებისგან.
ორგანიზაცია კონკრეტული ქვეყნისა და კრიზისის საჭიროებების მიხედვით მოქმედებს.
თანამედროვე ჰუმანიტარული დახმარება შეიძლება მოიცავდეს საკვებს, სასმელ წყალს, ჰიგიენურ საშუალებებს, დროებით თავშესაფარს, სამედიცინო ნივთებსა და ტექნოლოგიურ მოწყობილობებს.
მაგალითად, სტიქიური უბედურებების დროს CARE-მა დაზარალებულებს მზის ენერგიაზე მომუშავე დამტენები, საგანგებო განათების მოწყობილობები და მსუბუქი წყალგაუმტარი საფარები მიაწოდა.
ორგანიზაცია დახმარების პროგრამებს ახორციელებს უკრაინაში, ღაზაში, ლიბანსა და სხვა კრიზისულ რეგიონებში.
CARE-ის გამოქვეყნებული მონაცემებით, ორგანიზაცია ბოლო საანგარიშო პერიოდში 121 ქვეყანაში თითქმის 60 მილიონ ადამიანს დაეხმარა.
მისი პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის, მიშელ ნანის განცხადებით, CARE-ის ისტორია აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი, როდესაც ადამიანური თანაგრძნობა კონკრეტულ ქმედებად იქცევა.
ისტორია, რომელიც ერთი ამანათით დაიწყო
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან რვა ათწლეულის შემდეგ CARE-ის დახმარების მიმღებები და გამგზავნები კვლავ იხსენებენ იმ პერიოდს, როდესაც ერთი ყუთი საკვები ადამიანისთვის გადარჩენის საშუალებას წარმოადგენდა.
სიუზან უოლტონმა, რომელიც ბავშვობაში ევროპაში გასაგზავნ ამანათებს ამზადებდა, მოგვიანებით CARE-ის მხარდასაჭერად იორკშირში დაახლოებით 160 კილომეტრი ფეხით გაიარა და თითქმის 2 000 დოლარი შეაგროვა.
მარლენე მატა კი ორგანიზაციას შემოწირულობებითა და საჯარო გამოსვლებით ეხმარება.
მისთვის CARE-ის ამანათები კვლავ ბავშვობის ყველაზე მნიშვნელოვან მოგონებებთან ასოცირდება.
„ასეთი ორგანიზაციები მნიშვნელოვანია, რადგან ჰუმანიტარული დახმარება მხოლოდ საკვებისა და მედიკამენტების მიწოდებას არ ნიშნავს. ის გაჭირვებულ ადამიანებს აგრძნობინებს, რომ ისინი მიტოვებულები არ არიან“, – ამბობს მატა.
1946 წელს ამერიკული არმიის დარჩენილი საკვების მარაგებით დაწყებული პროგრამა 80 წლის შემდეგაც აგრძელებს საქმიანობას.
CARE-ის ისტორია აჩვენებს, როგორ გადაიქცა ომისშემდგომი ევროპის დახმარების ერთჯერადი ინიციატივა საერთაშორისო ჰუმანიტარულ სისტემად, რომელიც დღეს უკვე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედებს.
წყარო: Smithsonian Magazine





