საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის მოთხოვნით „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ წარდგენილი სარჩელის განხილვა დღეს, 13 ნოემბერს, 12:00 საათზე განახლდება.
სასამართლო პროცესი კითხვა-პასუხის ეტაპზეა. მოსამართლეები შეკითხვებით კვლავ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მიმართავენ.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას განცხადებით, კითხვა-პასუხის ეტაპი, სავარაუდოდ, მომდევნო კვირის სამშაბათამდე, 17 ნოემბრამდე გაგრძელდება.
სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს.
სარჩელს ხელს აწერს საქართველოს პარლამენტის 88 დეპუტატი. მოსარჩელეები ხუთი პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათი საქმიანობის აკრძალვას ითხოვენ.
ეს პარტიებია: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“.
სარჩელს თან ერთვის საქართველოს XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა.
სასამართლოს აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.