აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 17 ნოემბერს ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ჩავიდა, სადაც ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის ოთხი სახელმწიფოს გაერთიანების – QUAD-ის ლიდერებთან შეხვედრას გამართავს. ვიზიტი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) სამიტის დასკვნით ეტაპს ემთხვევა და ჩინეთში დაგეგმილ მაღალი დონის მოლაპარაკებებს უსწრებს.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, QUAD-ის ფორმატში, რომელიც აშშ-ს, იაპონიას, ავსტრალიასა და ინდოეთს აერთიანებს, ლიდერების შეხვედრა ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად გაიმართება.

ტრამპისთვის ეს პრეზიდენტობის მეორე ვადის განმავლობაში QUAD-ის ლიდერებთან პირველი შეხვედრა იქნება.

შეხვედრები მანილაში და ჩინეთში დაგეგმილი მოლაპარაკებები

ფილიპინებში ვიზიტის ფარგლებში ტრამპი 17 ნოემბერს მონაწილეობას მიიღებს აშშ-ისა და ASEAN-ის სპეციალურ სამიტში.

18 ნოემბერს კი დაგეგმილია მისი შეხვედრა ფილიპინების პრეზიდენტ ფერდინანდ მარკოს უმცროსთან. ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთის ქალაქ შენჟენში გაემგზავრება, სადაც აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (APEC) სამიტი გაიმართება.

ჩინეთში ტრამპის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება 19 ნოემბერს დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრაა აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების მონაწილეობით.

Reuters-ის ცნობით, ვიზიტი აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებში არსებული უთანხმოებების ფონზე მიმდინარეობს. ვაშინგტონის მიერ ჩინეთისთვის მოწინავე ხელოვნური ინტელექტის ჩიპებზე წვდომის ახალი შეზღუდვები დამატებით საკითხს წარმოადგენს ორმხრივ მოლაპარაკებებში.

ამასთან, ტრამპის აზიური ტურნე აშშ-ში შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის დამარცხების შემდეგ მიმდინარეობს.

QUAD-ის შეხვედრის მთავარი საკითხები

QUAD-ის ლიდერების შეხვედრაზე, სავარაუდოდ, განიხილავენ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოებას, საერთაშორისო ვაჭრობასა და ტექნოლოგიურ თანამშრომლობას.

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ მონაწილეები ერთიანი პოზიციის წარმოჩენას შეეცდებიან.

შესაძლო განსახილველ საკითხებს შორისაა საზღვაო უსაფრთხოება, ექსპორტის შეზღუდვები, კრიტიკული მინერალების მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაცია და ხელოვნური ინტელექტის განვითარება.

Reuters-ის წყაროს ინფორმაციით, შეხვედრაზე შესაძლოა ყურადღება დაეთმოს წყალქვეშა საკომუნიკაციო კაბელების უსაფრთხოებას, ახალ ტექნოლოგიებსა და სტიქიური უბედურებების დროს თანამშრომლობასაც.

QUAD-ის ფორმატი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენდა.

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი წარსულში გაერთიანებას აკრიტიკებდა და მას პეკინის გარშემო სტრატეგიული ზეწოლის გაძლიერების მცდელობად განიხილავდა.

თავის მხრივ, QUAD-ის წევრი სახელმწიფოები აცხადებენ, რომ თანამშრომლობის ფორმატი რომელიმე კონკრეტული ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

ვაშინგტონისა და პეკინის ურთიერთობები

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, კურტ კემპბელმა QUAD-ის შეხვედრის განახლებაში სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს როლზე გაამახვილა ყურადღება.

მისი შეფასებით, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებთან სამმხრივი შეხვედრის წინ QUAD-ის შეკრება ვაშინგტონისთვის მნიშვნელოვანი დიპლომატიური გზავნილი იქნება.

კემპბელმა აღნიშნა, რომ აზიაში აშშ-ის პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად საყრდენს იაპონიასთან ურთიერთობები წარმოადგენს.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა ოლივია უელსმა განაცხადა, რომ ტრამპის ხელმძღვანელობით QUAD რეგიონული გამოწვევების მოგვარებასა და თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის სივრცის განვითარებაზე მუშაობს.

იაპონია რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს

ASEAN-ის სამიტის ფარგლებში 17 ნოემბერს შეხვედრები გაიმართა იაპონიის, სამხრეთ კორეის, ჩინეთისა და ინდოეთის წარმომადგენლებთანაც.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოებთან ეკონომიკური და ენერგეტიკული მდგრადობის გასაძლიერებლად თანამშრომლობას გააფართოებს.

მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კრიტიკული მინერალების მიწოდების ჯაჭვებს, ექსპორტის შეზღუდვებთან დაკავშირებულ რისკებსა და ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების გამოწვევებს.

„საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელოვანი არასტაბილურობის პირობებში იაპონია სულ უფრო აქტიურ როლს შეასრულებს“, – განაცხადა ტაკაიჩიმ.

ტრამპის ვიზიტის პარალელურად მანილაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

აშშ-ის პრეზიდენტის ჩასვლას ფილიპინების დედაქალაქში საპროტესტო დემონსტრაციები ახლავს.

Reuters-ის ინფორმაციით, მანილაში აქციები მეხუთე დღეა მიმდინარეობს. დემონსტრანტებმა ტრამპის გამოსახულების ფიგურები დაწვეს და ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულება მოითხოვეს.

აქციის მონაწილეები ასევე ეწინააღმდეგებიან აშშ-ის ხელმძღვანელობით შექმნილ მიწოდების ჯაჭვების ინიციატივას – Pax Silica-ს.

ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტი ტაილანდის პრემიერ-მინისტრ ანუტინ ჩანვირაკულთან ერთად ორმხრივი ვაჭრობის შესახებ ერთობლივ განცხადებასაც მოაწერს ხელს.

ტაილანდური მედიის ცნობით, დოკუმენტი სავაჭრო მოლაპარაკებებში მიღწეულ პროგრესს შეეხება.

აშშ ტაილანდის უმსხვილესი საექსპორტო ბაზარია და მიმდინარე წელს ქვეყნის ექსპორტის დაახლოებით 24% ამერიკულ ბაზარზე მოდის.

წყარო: Reuters