“ დღეს ყველას შეუძლია საკუთარი თვალით დაინახოს შედეგები, რომლებიც რუსეთის ტერიტორიიდან ჩვენს უკრაინულ ყირიმში მთავარ სამხედრო გადასასვლელს შეეხო,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. მისი განმარტებით, ყირიმის ხიდზე შეტევა უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე რეაგირება იყო. “მადლობას ვუხდი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა ჩართულ ქვედანაყოფს, უკრაინის თავდაცვის მინისტრს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალსა და გენერალურ შტაბს, ასევე – ჩვენი იარაღის ყველა მწარმოებელს იმ უპრეცედენტო ოპერაციისთვის, რომელიც რუსეთის მხრიდან ჩვენს ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ დარტყმებს მოჰყვა. დღეს ყველას შეუძლია დაინახოს შედეგები, რაც რუსეთის ტერიტორიიდან ჩვენს უკრაინულ ყირიმში მიმავალ მთავარ სამხედრო გადასასვლელს შეეხო. ეს არის რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე ოპერაციის მეშვიდე ეტაპის შედეგი; ოპერაციისა, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბთან ერთად შეიმუშავა და კოორდინირება გაუწია. საბოლოო მიზნისკენ მიმავალ გზაზე ჩვენმა მეომრებმა თანმიმდევრულად გაანადგურეს საჰაერო თავდაცვის სისტემები, რადარები, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები და სხვა განსაზღვრული სამიზნეები. “ – წერს ზელენსკი. მისი ინფორმაციით, ხიდის საავტომობილო გზის მონაკვეთს „პალიანიცას“ ტიპის დრონებით შეუტიეს, „ნეპტუნის“ რაკეტებით, „რუტასა” და FP-5 დრონებით კი – სარკინიგზო მონაკვეთს. „ფლამინგოს“ გამოყენებით კი უკრაინელებმა მაღალი სიზუსტის დარტყმა განახორციელეს. “არაერთხელ შევთავაზეთ რუსეთს, გადაედგა ნაბიჯები დეესკალაციისკენ, თუმცა თითოეულ ჩვენს წინადადებას ხმამაღალი უარყოფა მოჰყვა. რუსეთი ყოველდღიურად უტევს ჩვენს ინფრასტრუქტურას, მათ შორის ხიდებს ზაპოროჟიეში, დნიპროში, კიევსა და ოდესის ოლქში. ჩვენ აღვადგენთ ჩვენს ინფრასტრუქტურას. ამასთან, რუსეთს იმასაც შევახსენებთ, რომ ომი ყოველთვის იქ დაბრუნდება, საიდანაც დაიწყო. უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობები ძლიერია და ასეთადვე დარჩება. ჩვენ არასოდეს დავტოვებთ უპასუხოდ ჩვენი ქალაქებისა და მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ ტერორს”, – წერს ზელენსკი.