საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს ვიცე-პრემიერის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან. მარიამ ქვრივიშვილი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება დარგობრივ მინისტრებთან.
ამასთან, შეხვედრების ფარგლებში მხარეები განიხილავენ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებს, მიმდინარე და დაგეგმილ ერთობლივ პროექტებს, ასევე სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს.
მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები: გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე, ასევე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორი დავით ვარდიაშვილი და დირექტორი უსაფრთხოებისა და მონიტორინგის საკითხებში ლევან ცხვედიანი.