წონის დასაკლები პრეპარატების მზარდი პოპულარობა ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიას ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს. როგორც Reuters-ი წერს, ლუდის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა, Heineken-მა, ბრიტანეთის პაბებსა და ბარებს მომხმარებელთა შეცვლილ ჩვევებთან ადაპტაციისკენ მოუწოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კვებისა და სასმელების ობიექტებს მომხმარებლებისა და შემოსავლების დაკარგვის საფრთხე ემუქრებათ.
კომპანიის პრეზენტაციის თანახმად, რომელიც Reuters-მა მოიპოვა, GLP-1 ჯგუფის მედიკამენტების, მათ შორის Ozempic-ისა და Wegovy-ის, მზარდი პოპულარობა შესაძლოა ლუდისა და სიდრის გაყიდვებზე უარყოფითად აისახოს.
JPMorgan-ის კვლევის მიხედვით, 2025 წელს შეერთებულ შტატებში ამ ტიპის პრეპარატებს დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი იღებდა. მედიკამენტების ფართო გავრცელება გავლენას ახდენს არა მხოლოდ კვების პროდუქტების, არამედ ტანსაცმლისა და სხვა სამომხმარებლო საქონლის ბაზრებზეც.
როგორ იცვლება ალკოჰოლის მოხმარების ჩვევები?
Heineken-ის შეფასებით, GLP-1 ჯგუფის პრეპარატების გამოყენებამ შესაძლოა ალკოჰოლის მიღების სურვილიც შეამციროს. შედეგად, მომხმარებლები ნაკლებ სასმელს უკვეთავენ, ხოლო ტრადიციული თავშეყრები, რომლებიც რამდენიმე ჭიქა ლუდის დალევას უკავშირდება, შესაძლოა ნაკლებად ხშირი გახდეს.
კომპანია აღნიშნავს, რომ ამ კატეგორიის მომხმარებლები ალკოჰოლზე სრულად უარს არ ამბობენ, თუმცა უპირატესობას სულ უფრო ხშირად მცირე პორციებს, დაბალალკოჰოლიან სასმელებსა და შედარებით მაღალი ხარისხის პროდუქციას ანიჭებენ.
შეცვლილ მოთხოვნასთან ადაპტაციის მიზნით, Heineken-მა ბრიტანულ პაბებსა და ბარებს რამდენიმე რეკომენდაცია მისცა:
- მომხმარებლებს ლუდის მცირე პორციები შესთავაზონ;
- გააფართოონ დაბალალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ასორტიმენტი;
- სასმელებთან ერთად მომხმარებლებს მცირე ულუფის კერძები შესთავაზონ.
კომპანიის მიზანია, ალკოჰოლის მოხმარების შემცირების მიუხედავად, მომხმარებლებმა პაბებსა და ბარებში სიარული განაგრძონ.
რას აჩვენებს კვლევის შედეგები?
კვლევითმა კომპანია Circana-მ 2024-2026 წლებში ამერიკული ოჯახების სამომხმარებლო ხარჯები შეისწავლა.
კვლევის მიხედვით, ოჯახები, რომელთა ერთი წევრი მაინც GLP-1 ჯგუფის მედიკამენტებს იღებდა, ალკოჰოლურ სასმელებზე ნაკლებს ხარჯავდნენ, ვიდრე ოჯახები, რომელთა წევრებიც აღნიშნულ პრეპარატებს არ იყენებდნენ.
მედიკამენტების ორწლიანი გამოყენების შემდეგ ასეთი ოჯახების ყოველთვიური დანახარჯი ალკოჰოლზე საშუალოდ 7%-ით ნაკლები იყო, ლუდზე გაწეული დანახარჯი კი დაახლოებით 13,5%-ით შემცირდა.
ალკოჰოლის ინდუსტრიის ახალი გამოწვევები
შემოსავლების მიხედვით, ევროპა Heineken-ის უმსხვილესი ბაზარია, თუმცა რეგიონში კომპანიის ზრდის ტემპი შენელებულია. ბრიტანეთი ლუდის მწარმოებლისთვის მნიშვნელოვან ბაზრად რჩება . კომპანიას ქვეყანაში 2 000-ზე მეტი პაბი ეკუთვნის.
ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრია უკვე რამდენიმე წელია მსოფლიოს რიგ მსხვილ ბაზრებზე გაყიდვების შემცირების ტენდენციას ებრძვის.
ამასთან, ალკოჰოლის მოხმარების შემცირება მხოლოდ წონის დასაკლები მედიკამენტების გავრცელებას არ უკავშირდება. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკონომიკური მდგომარეობა, ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მომხმარებელთა ცხოვრების წესის ცვლილებაც.
თუ GLP-1 ჯგუფის პრეპარატების პოპულარობა კვლავ გაიზრდება, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებისა და კვების ობიექტებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდება პროდუქციის ასორტიმენტისა და მომსახურების ფორმების შეცვლა.
წყარო: Reuters