სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელისა და სხვა უხორცო ზეციურ ძალთა ხსენების დღეს ქადაგებისას ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულები მოიხსენია, მათ ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა, ხოლო დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა.

“ამავე დროს, თქვენ იცით, დამწუხრებულია დღეს მთელი ქვეყანა, გლოვის დღეები გვაქვს, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო. დღეს განსაკუთრებით ვიხსენიებთ ყველა იმ გარდაცვლილ ადამიანს, ვევედრებით უფალს, მთავარანგელოზებს, რომ შეეწიონ მათ სულებს, ასევე ჭირისუფლებს, მათი ოჯახის წევრებს და დაშავებულებს, რომელთაც ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას”, – განაცხადა პატრიარქმა.

ქადაგებისას შიო III-მ მრევლს მთავარანგელოზთა ხსენების დღე მიულოცა და ქრისტიანულ სწავლებაში ანგელოზების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მფარველი ანგელოზი ადამიანს სულიერ ბრძოლაში ეხმარება და მის მიმართ თავგანწირულ სიყვარულს გამოხატავს.

“ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ყოველი ჩვენგანის გვერდით ყოველთვის, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, დგას ჩვენი მფარველი ანგელოზი, რომელსაც ძალიან ვუყვარვართ. როგორც გითხარით, ის ჩვენც გვემსახურება. მისი მსახურება არის თავგანწირული სიყვარულის მსახურება. ნამდვილი სიყვარული თავგანწირვის გარეშე არ არსებობს! ის ასეთი სიყვარულით გვემსახურება”, – აღნიშნა პატრიარქმა.

ქადაგებისას მან ყურადღება გაამახვილა სულიერი სამყაროსა და ანგელოზთა იერარქიის შესახებ ეკლესიის სწავლებაზეც. პატრიარქის განმარტებით, ზეციური ძალები ღმერთსა და ადამიანებს ემსახურებიან, ხოლო მთავარანგელოზი მიქაელი ანგელოზთა დასის მხედართმთავარია.

შიო III-მ ქადაგების დასასრულს განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა მამა ალექსანდრეს მიმართ, რომლის ვაჟის გარდაცვალებიდან მალე ერთი წელი შესრულდება.

მან სასულიერო პირს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და მისი მრავალწლიანი საეკლესიო და საქველმოქმედო საქმიანობა აღნიშნა.

პატრიარქის განცხადებით, მამა ალექსანდრესა და მისი სამრევლოს საქველმოქმედო ორგანიზაცია „თხილის გული“ უკვე 15 წელია ყოველდღიურად 250 ადამიანს კვებავს.

“ეს ძალიან დიდი საქველმოქმედო საქმეა ჩვენს ეკლესიაში, რომელსაც ასეთი დიდი თავგანწირვითა და რუდუნებით აღასრულებთ”, – განაცხადა პატრიარქმა.

შეგახსენებთ, ქვემო ფონიჭალაში 19 ნოემბერს საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.