ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი ქალი დაშავდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულმა ქალმა დაზიანება ხელის არეში მიიღო.

უწყების ცნობით, აფეთქების შემდეგ საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

აფეთქების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის ოფიციალურად დადასტურებული არ არის. ასევე უცნობია, რა მასშტაბის დაზიანება მიიღო საცხოვრებელმა კორპუსმა.