მუსიკალურმა ჟურნალისტმა ბილ უაიმანმა წიგნში „Bill Wyman’s Rock & Roll Lists“ შვიდი ცნობილი შემსრულებლისა და ჯგუფის სრული მუსიკალური კატალოგი შეაფასა და მათი სიმღერები რეიტინგებად დაალაგა. გამოცემას ბრიტანული The Guardian მიმოიხილავს და ყურადღებას ამახვილებს როგორც ავტორის მუსიკალურ ანალიზზე, ისე მის საკამათო შეფასებებზე.

მუსიკალური რეიტინგების შედგენის ტრადიცია ინტერნეტის გამოჩენამდე ათწლეულებით ადრე დაიწყო. 1974 წელს ბრიტანულმა მუსიკალურმა გამოცემა NME-მ გამოაქვეყნა ყველა დროის 100 საუკეთესო ალბომის სია, რომლის პირველ ადგილზე The Beatles-ის Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band მოხვდა.

1990-იან წლებში მსგავსი რეიტინგები განსაკუთრებით პოპულარული გახდა. ჟურნალები Q და Rolling Stone რეგულარულად აქვეყნებდნენ საუკეთესო ალბომების, სიმღერების, მომღერლებისა და გიტარის პარტიების ჩამონათვალს. Rolling Stone-მა მოგვიანებით თავისი რეიტინგები 100-დან 500 პოზიციამდე გაზარდა.

ამ ტრადიციას აგრძელებს ამერიკელი მუსიკალური ჟურნალისტი ბილ უაიმანი, რომელიც Rolling Stones-ის ამავე სახელის მქონე ყოფილ ბასისტთან არ უნდა აგვერიოს.

უაიმანი სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა The New Yorker-თან, The New York Times-თან, Rolling Stone-თან და NPR-თან. მისი მუსიკალური რეიტინგები თავდაპირველად New York Magazine-სა და Vulture-ში გამოქვეყნდა, მოგვიანებით კი წიგნად გაერთიანდა.

დაახლოებით 500-გვერდიანი გამოცემა შვიდი შემსრულებლისა და ჯგუფის შემოქმედებას მოიცავს: The Beatles, Michael Jackson, Led Zeppelin, Pink Floyd, Eagles, The Clash და Nirvana.

ავტორი თითოეული მათგანის სიმღერებს აფასებს და რეიტინგში ანაწილებს. ამასთან, ტექსტში აერთიანებს ბიოგრაფიულ ცნობებს, მუსიკალურ კონტექსტსა და შემოქმედებითი განვითარების ანალიზს.

რატომ იწვევს უაიმანის რეიტინგები კამათს?

The Guardian-ის მიმომხილველი ალექსის პეტრიდისი აღნიშნავს, რომ უაიმანის შეფასებები ხშირად მუსიკალურ სამყაროში დამკვიდრებულ შეხედულებებს ეწინააღმდეგება.

მაგალითად, ავტორი The Beatles-ის სიმღერას I’ll Cry Instead უფრო მაღალ პოზიციაზე ათავსებს, ვიდრე Yesterday, Come Together, I Feel Fine, Taxman და We Can Work It Out.

უაიმანი განსხვავებულ ინტერპრეტაციას გვთავაზობს Nirvana-ს ალბომის Nevermind შესახებაც. მისი შეფასებით, ალბომი მხოლოდ თაობის პროტესტისა და უკმაყოფილების გამოხატულება არ არის – მასში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კურტ კობეინისა და მისი ყოფილი პარტნიორის, ტობი ვეილის დაშორებას.

წიგნში განხილულია Led Zeppelin-ის ადრეული შემოქმედებაც. უაიმანი ჯგუფის გავლენას 1960-იანი წლების ბოლოს ბლუზ-როკის განვითარებას უკავშირებს.

ავტორი ყურადღებას ამახვილებს მუსიკალური აღიარების ისტორიულ ცვლილებებზეც. მაგალითად, იხსენებს 1975 წელს ჟურნალ Playboy-ს მიერ ჩატარებულ გამოკითხვას, რომელშიც Led Zeppelin-ის დრამერი ჯონ ბონემი მსოფლიოს საუკეთესო დრამერებს შორის მხოლოდ მე-12 ადგილზე აღმოჩნდა.

დავა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის შესახებ

წიგნის ბოლო ნაწილი Rock & Roll Hall of Fame-ში შეყვანილი მუსიკოსებისა და ჯგუფების შეფასებას ეთმობა.

The Guardian-ის მიმოხილვის თანახმად, უაიმანი ამ ნაწილში განსაკუთრებით კრიტიკულია. ის ეჭვქვეშ აყენებს არაერთი ცნობილი შემსრულებლის ისტორიულ მნიშვნელობას, მათ შორის Black Sabbath-ის, ABBA-ს, ლორა ნაიროს, ჯინ ვინსენტისა და ბილ უიზერსის.

ამავდროულად, ავტორი მხარს უჭერს დიდების დარბაზში KC and the Sunshine Band-ის შეყვანას.

მიმომხილველი აღნიშნავს, რომ ასეთი პოზიციები მკითხველთა შორის დისკუსიის წარმოშობას უწყობს ხელს. მისი შეფასებით, წიგნის ზოგიერთი კატეგორიული დასკვნა შესაძლოა იმ გარემოებასაც უკავშირდებოდეს, რომ რეიტინგები თავდაპირველად ინტერნეტგამოცემებისთვის იქმნებოდა, სადაც მკვეთრი და საკამათო მოსაზრებები ხშირად განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს.

მიუხედავად კრიტიკული შენიშვნებისა, The Guardian დადებითად აფასებს უაიმანის წერის სტილს, მუსიკალური ისტორიის ცოდნასა და ბიოგრაფიული დეტალების გამოყენების უნარს.

წიგნი Bill Wyman’s Rock & Roll Lists მუსიკალური რეიტინგების ფორმატს იყენებს იმისათვის, რომ მკითხველს ცნობილი შემსრულებლების შემოქმედების ქრონოლოგიური და კრიტიკული მიმოხილვა შესთავაზოს.