მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები კვლავ მცირდება. ინვესტორების ყურადღება ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობის მიწოდების პროცესსა და რეგიონში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებაზეა გამახვილებული.
Reuters-ის ინფორმაციით, 23 ნოემბერს, ლონდონის დროით დილის 08:44 საათისთვის, Brent-ის ტიპის ნავთობის ფიუჩერსების ფასი 0.65%-ით, 91.97 აშშ დოლარამდე შემცირდა. ამერიკული West Texas Intermediate-ის (WTI) ფასი კი 0.59%-ით დაეცა და ბარელზე 82.92 დოლარი შეადგინა.
გასული კვირის განმავლობაში Brent-ის ფასი 4%-ით შემცირდა, ხოლო WTI-ის ღირებულება 5%-ით დაეცა. ამგვარად, ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე ფასების კლების ტენდენცია ზედიზედ მესამე კვირაა გრძელდება.
მიუხედავად ფასების შემცირებისა, ახლო აღმოსავლეთში არსებული სამხედრო ვითარება ნავთობის ბაზრისთვის მნიშვნელოვან რისკფაქტორად რჩება.
აშშ-ისა და ისრაელის ირანთან მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების ფონზე რეგიონში კვლავ ფიქსირდება თავდასხმები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და საზღვაო გადაზიდვებზე.
22 ნოემბერს ირანთან დაკავშირებულმა იემენელმა ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ საუდის არაბეთში, რაბიღის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა განახორციელეს.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სამსახურმა (UKMTO) სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტის მიმდებარე ტერიტორიაზე გემებზე რამდენიმე თავდასხმის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
PVM-ის ანალიტიკოსის, ტამაშ ვარგას შეფასებით, ნავთობის ფასების შემცირებას ძირითადად მიწოდებასთან დაკავშირებული ფაქტორები განაპირობებს.
თუმცა ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ არსებული ვითარება ნავთობის შეუფერხებელი მიწოდების გარანტიას არ იძლევა, რადგან ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმები კვლავ მნიშვნელოვან საფრთხეს ქმნის.
დაძაბულობა შენარჩუნებულია ბაჰრეინშიც. ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, 21 ნოემბერს ირანის თავდასხმის შედეგად სამოქალაქო სამრეწველო ობიექტი დაზიანდა.
თავის მხრივ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ბაჰრეინში მდებარე ამერიკულ სამხედრო პოზიციებზე სარაკეტო და დრონებით შეტევა განახორციელა. ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტია განთავსებული.
ნავთობის ბაზარზე ყურადღება OPEC+-ის მომავალ გადაწყვეტილებაზეც არის გამახვილებული.
29 ნოემბერს ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციისა და მისი პარტნიორი სახელმწიფოების გაერთიანება OPEC+ შეხვედრებს გამართავს, რომლებზეც 2027 წლის ნავთობმოპოვების პოლიტიკას განიხილავენ.
გაერთიანებაში OPEC-ის წევრ ქვეყნებთან ერთად შედიან სხვა მსხვილი მწარმოებლებიც, მათ შორის რუსეთი.
მომავალი გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის მიწოდების პერსპექტივებისა და ფასების შემდგომი დინამიკის განსაზღვრისთვის.
ამასთან, ენერგეტიკული პოლიტიკის საკითხი აქტუალური იყო თურქეთში გამართულ გაეროს კლიმატის კონფერენციაზე – COP31-ზეც.
Reuters-ის ცნობით, მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმების გარეშე დასრულდა, რადგან მონაწილე ქვეყნებმა ვერ მიაღწიეს კონსენსუსს საბოლოო დოკუმენტში წიაღისეული საწვავის ეტაპობრივი გამოყენებიდან გასვლის შესახებ ჩანაწერის შეტანაზე.
საუდის არაბეთი და ნავთობის სხვა მსხვილი მწარმოებელი ქვეყნები აცხადებენ, რომ წიაღისეული საწვავი მსოფლიო ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს მომავალშიც შეინარჩუნებს.