რა შეცვალა ვარდების რევოლუციამ და რატომ ვერ მოჰყვა სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას შესაბამისი დემოკრატიზაცია? პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი „რადიო მაესტროსთან“ ინტერვიუში იხსენებს ხელისუფლების ცვლილების წინაპირობებს, საერთაშორისო ფაქტორებსა და საზოგადოების მოლოდინებს. მისი შეფასებით, ამ პერიოდის მთავარი მიღწევა სახელმწიფოს გაძლიერება იყო, მთავარი პრობლემა კი – ძალაუფლების ვიწრო წრეში თავმოყრა და რეპრესიული მეთოდების სისტემურ პრაქტიკად ქცევა.
— ვარდების რევოლუციიდან 23 წელი გავიდა. როგორ აფასებთ ამ მოვლენას – რა მოიტანა და რა ვერ მოიტანა მან?
— ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა რთულია. თუმცა, თუ სახელმწიფოებრიობის განვითარების თვალსაზრისით შევაფასებთ, თავისი დადებითი და უარყოფითი შედეგების მიუხედავად, ეს მნიშვნელოვანი წინსვლა იყო.
პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ მაშინდელი კონტექსტი. სახელმწიფო ინსტიტუტები პრაქტიკულად მოშლილი იყო. საჯარო სამსახურებში ანაზღაურება არსებობისთვისაც არ კმაროდა, გავრცელებული იყო კორუფცია და კრიმინალი, პენსიები კი ხშირად ვერ გაიცემოდა.
ვარდების რევოლუციის შემდეგ სახელმწიფო სტრუქტურები გაძლიერდა. ეს ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა და იმდროინდელი ცვლილებების გამოცხადებული მიზანიც იყო.
ამასთან, ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლა თავიდანვე განსაზღვრული გეგმა არ ყოფილა. ამას ვამბობ როგორც იმ მოვლენების მონაწილე, რომელსაც კულუარული პროცესების შესახებაც ჰქონდა ინფორმაცია.
მიხეილ სააკაშვილი მთავარ ბრძოლას მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გეგმავდა. მანამდე მიზანი პარლამენტში ძლიერი ოპოზიციური წარმომადგენლობის შექმნა იყო. ვითარება საპარლამენტო არჩევნების გაყალბებამ შეცვალა.
— როგორ გადაიზარდა არჩევნების შედეგების წინააღმდეგ პროტესტი ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნაში?
— თავდაპირველად მოთხოვნები განსხვავდებოდა. სააკაშვილი ითხოვდა ხმების სწორად დათვლასა და მისი პოლიტიკური ძალის გამარჯვების აღიარებას. „ბურჯანაძე — დემოკრატების“ მხრიდან ახალი არჩევნების მოთხოვნაც ისმოდა.
როდესაც ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, ვითარება თანდათან გამწვავდა. ამიტომ არასწორია მოვლენების ისე წარმოდგენა, თითქოს თავიდანვე არსებობდა ხელისუფლების შეცვლის დეტალურად გაწერილი სცენარი.
ამ პერიოდზე ბევრი წარმოდგენა მოგვიანებით ჩამოყალიბდა. მაგალითად, ჩემი დაკვირვებით, პროტესტში მხოლოდ ახალგაზრდები არ დომინირებდნენ. განსაკუთრებით აქტიური იყო კრიმინალით, კორუფციითა და უწესრიგობით უკმაყოფილო მოსახლეობა.
მთავარი საზოგადოებრივი დაკვეთა წესრიგის დამყარება იყო. შემდგომში ამ მოთხოვნის შესრულებას სერიოზული გადაჭარბებებიც მოჰყვა.
— რა როლი შეასრულეს საერთაშორისო პარტნიორებმა? განსაკუთრებით საინტერესოა რუსეთის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, იგორ ივანოვის, თბილისში ჩამოსვლა.
— ჩემი შეფასებით, შევარდნაძეს იმ ეტაპზე დასავლეთიდან მხარდაჭერა აღარ ჰქონდა და ჯერ კიდევ იმედოვნებდა, რომ რუსეთი მაინც დაუჭერდა მხარს.
ივანოვის ჩამოსვლა და აქციის მონაწილეებთან გამოსვლა მისთვის მნიშვნელოვანი სიგნალი იყო. ვფიქრობ, შევარდნაძემ საბოლოოდ დაინახა, რომ ვერც რუსეთის მხარდაჭერას მიიღებდა.
არ ვყოფილვარ იმ საუბრების შემსწრე, რომლებშიც კონკრეტული შეთანხმებები შეიძლებოდა განხილულიყო. თუმცა შემდგომი მოვლენებიდან ჩანდა, რომ რუსეთს ახალ ხელისუფლებასთან საერთო ენის გამონახვის იმედი ჰქონდა.
ეს მოლოდინი არ გამართლდა. ჩემი აზრით, ამან მოგვიანებით რუსეთის უკმაყოფილებაც გააძლიერა.
— რატომ დაკარგა შევარდნაძემ დასავლეთის მხარდაჭერა?
— არჩევნებამდე საქართველოში ჯეიმს ბეიკერი ჩამოვიდა და საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული წინადადებები წარმოადგინა. ჩემი შეფასებით, ამერიკული მხარე ხელისუფლების მშვიდობიანი და წესების დაცვით გადაბარების შესაძლებლობას ეძებდა.
შევარდნაძის ხელისუფლება იმ დროისთვის სერიოზულ კრიზისში იყო. მას საკუთარი წასვლისა და ხელისუფლების გადაბარების საკითხის გადაწყვეტა უჭირდა.
საბოლოოდ, მან ვერ შეძლო ისეთი პოლიტიკური გამოსავლის მოძებნა, რომელიც ცვლილებას მშვიდობიანად და ინსტიტუციური გზით უზრუნველყოფდა. მის გარშემო შეკრებილ ძალებს კი ახალი ტიპის სახელმწიფოს მშენებლობის რეალური შესაძლებლობა ნაკლებად ჰქონდათ.
მაშინდელ ვითარებაში სწორედ სააკაშვილისა და ჟვანიას გუნდს ჰქონდა სახელმწიფოს მოდერნიზაციის ყველაზე რეალური შანსი.
— როდის გამოჩნდა იმედგაცრუების პირველი ნიშნები და რა იყო ახალი ხელისუფლების მთავარი პრობლემა?
— მთავარი პრობლემა ძალაუფლების კონცენტრაცია იყო. ახალგაზრდა გუნდს ხელში ჩაუვარდა ცენტრალიზებული სახელმწიფო აპარატი და მისი მართვის თითქმის ყველა ბერკეტი.
ამასთან, არსებობდა მძიმე მემკვიდრეობა – კრიმინალური გავლენები, სხვადასხვა ჯგუფის ინტერესები. შესაძლოა, ხელისუფლების დაკარგვის შიშმაც იმოქმედა. შედეგად, გადაწყვეტილებებს ძალიან ვიწრო წრე იღებდა.
სახელმწიფო გაძლიერდა, მაგრამ შესაბამისი დემოკრატიზაცია არ მოხდა. ფორმალური თანამდებობა ყოველთვის არ ასახავდა რეალურ გავლენას – ზოგჯერ შედარებით დაბალი თანამდებობის მქონე პირი უფრო მეტ ძალაუფლებას ფლობდა, ვიდრე მაღალი თანამდებობის პირი.
თავიდანვე გამოჩნდა ძალისმიერი მეთოდები: საკუთრების ჩამორთმევა, ქონების გადანაწილება, დაპატიმრებების პრაქტიკა. ამას ამართლებდნენ მძიმე მემკვიდრეობითა და არგუმენტით, რომ სხვაგვარად ცვლილებები ვერ განხორციელდებოდა.
ის, რაც დროებით ზომად იყო წარმოდგენილი, შემდეგ სისტემურ პრობლემად იქცა.
— ამ პროცესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი 7 ნოემბრის აქციის დარბევა და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შესვლა იყო. რამ მიიყვანა საზოგადოება მასშტაბურ პროტესტამდე?
— ეს იყო დაგროვილი უკმაყოფილების შედეგი. არ ვეთანხმები ახსნას, თითქოს საზოგადოება აუცილებელი რეფორმების გამო გამოვიდა ქუჩაში.
რეფორმების დიდ ნაწილს ფართო მხარდაჭერა ჰქონდა. ამის მაგალითებია საპატრულო პოლიციის შექმნა, ერთიანი ეროვნული გამოცდები და კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლა. ეს ცვლილებები მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მისაღები და საჭირო იყო.
უკმაყოფილებას იწვევდა რეპრესიული მეთოდების სისტემატური გამოყენება, ბიზნესზე ზეწოლა, დაშინება და ძალაუფლების თვითნებური განხორციელება.
ასეთ პრაქტიკას დაგროვებითი ეფექტი აქვს. როდესაც საზოგადოება მუდმივ წნეხში ცხოვრობს, წინასწარ რთულია იმის განსაზღვრა, როდის და რა მასშტაბის პროტესტი მოჰყვება ამას.
მახსოვს, მაშინ თავად ოპოზიციის ნაწილიც არ ელოდა ამდენი ადამიანის გამოსვლას. პროტესტის მასშტაბი ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
— რა არის ვარდების რევოლუციის მთავარი ისტორიული მემკვიდრეობა და რა გაკვეთილი უნდა გამოიტანოს საქართველომ ამ გამოცდილებიდან?
—მთავარი მემკვიდრეობა გაძლიერებული სახელმწიფო სტრუქტურებია. ქართულ სახელმწიფოებრიობას სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ადამიანმა თავისი წვლილი შემატა და ეს დამსახურება უნდა შეფასდეს, მიუხედავად შემდგომ დაშვებული შეცდომებისა.
ვარდების რევოლუციის შემდეგ სახელმწიფო მნიშვნელოვნად გაძლიერდა, თუმცა გაცილებით მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა.
მთავარი გაკვეთილი მომავალი ხელისუფლებისთვის ის არის, რომ ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა რეპრესიებსა და ძალისმიერ მეთოდებზე არ უნდა დაფუძნდეს.
საჭიროა დეცენტრალიზაცია და დემოკრატიზაცია. ეს მხოლოდ გამოცხადებული მიზნები კი არ უნდა იყოს, არამედ სახელმწიფოს გაძლიერების საშუალება.
ჟურნალისტი: ლევან ჭითანავა
რესპონდენტი: დავით ზურაბიშვილი, პოლიტოლოგი