უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალების მოქმედებების შედეგები რუსეთისთვის სულ უფრო ფართო გეოგრაფიულ არეალში ხდება შესამჩნევი. ამის შესახებ მან ბერლინში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 72-ე ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღეს რუსეთი ჩვენს პასუხს ყველგან გრძნობს – დასავლეთ ციმბირიდან დაწყებული, სადაც მისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იწვის, ლიბიის სანაპირომდე, სადაც მისი სამხედრო ხომალდები იძირება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევმა არაერთხელ შესთავაზა რუსეთს საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობის შემცირებისკენ მიმართული ნაბიჯები, თუმცა მოსკოვისგან მშვიდობიანი პასუხი არ მიუღია.

ზელენსკიმ ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისა და უსაფრთხოების სისტემებში დამატებითი ინვესტიციების განხორციელებისკენ მოუწოდა.

„ნუთუ აქ ვინმეს კიდევ სჯერა, რომ ერთ დღეს რუსეთი კვლავ მშვიდობიანი და უსაფრთხო ქვეყანა გახდება? უბრალოდ გადახედეთ რუსეთის ისტორიის ბოლო 100 წელს. არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვიფიქროთ, რომ ერთ ან ხუთ წელიწადში რუსეთი სხვა ქვეყნად იქცევა“, – აღნიშნა მან.

მისი განცხადებით, ევროპულმა სახელმწიფოებმა საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები ისე უნდა განავითარონ, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფა რუსეთის სამომავლო პოლიტიკაზე დამოკიდებული არ იყოს.

უკრაინის საჰაერო თავდაცვა და უსაფრთხოების გარანტიები

ზელენსკიმ პარტნიორებს მოუწოდა, ზამთრის მოახლოების წინ გააძლიერონ უკრაინის მხარდაჭერა, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემებით.

„რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი თავდაცვა, მით ნაკლებია იმის შანსი, რომ რუსეთმა მისი გარღვევა შეძლოს, და მით მეტია შანსი, რომ დიპლომატიამ შედეგი გამოიღოს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან ასევე ისაუბრა შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინისთვის განკუთვნილ უსაფრთხოების გარანტიებზე.

ზელენსკის თქმით, ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსი გარანტიების განხილვისას აუცილებელია წინასწარ განისაზღვროს, რომელი ქვეყნები აიღებენ უკრაინის დაცვის ვალდებულებას, რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ ახალი თავდასხმის შემთხვევაში და განლაგდება თუ არა პარტნიორი სახელმწიფოების სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიაზე.

„რომელი ქვეყნები დაუჭერენ მხარს უკრაინას, თუ მას კვლავ თავს დაესხმებიან? კონკრეტულად რას მოიმოქმედებენ ჩვენი პარტნიორები საპასუხოდ? რომელი ქვეყნების სამხედრო ძალები განლაგდება წინასწარ ჩვენს ტერიტორიაზე? რა დაჯდება ეს ყველაფერი და რეალურად იმუშავებს თუ არა?“ – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ამ საკითხებზე ჯერჯერობით მკაფიო და კონკრეტული პასუხები არ არსებობს.

შობამდე ოთხმხრივი მოლაპარაკებების შესაძლებლობა

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებს სურთ, უკრაინის, რუსეთის, შეერთებული შტატებისა და ევროპის მონაწილეობით ოთხმხრივი მოლაპარაკებები შობამდე გაიმართოს.

ზელენსკის თქმით, შეხვედრას წინ უნდა უძღოდეს მკაფიო დღის წესრიგის მომზადება და მონაწილე მხარეებს შორის შეთანხმება.

„პარტნიორებისგან გავიგეთ, რომ მათ სურთ, ეს შობამდე განახორციელონ. ვიმედოვნებთ, რომ ეს უფრო ადრე მოხდება“, – აღნიშნა მან.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ნებისმიერი სამშვიდობო პროცესის საბოლოო მიზანი უნდა იყოს ისეთი უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უკრაინას, რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებსა და მთლიანად ევროატლანტიკურ სივრცეს შესაძლო ახალი სამხედრო აგრესიისგან დაიცავს.

მისი შეფასებით, ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ პარტნიორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობითა და სანდო უსაფრთხოების გარანტიებით იქნება შესაძლებელი.