“სუროგაცია მსოფლიოში ითვლება ერთ-ერთ საქმიანობად, რომელიც არის მათ შორის, ქალთა და ბავშვთა უფლებების შებღალვა, ” – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, უამრავი ანგარიში არსებობს, მათ შორის გაერო-ს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული, სადაც სუროგაციასთან დაკავშირებით მკვეთრად უარყოფითი პოზიციებია დაფიქსირებული. „საქართველოსთან მიმართებითაც იყო მრავალი, შესაბამისი უარყოფითი ანგარიში. სუროგაცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბიზნესად იქცევა ხოლმე, არის ქალთა და ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევა და ამას იმდენი მძიმე შემთხვევა მოჰყვება, რომ ის სიკეთე, რომელზეც შეიძლება, ვინმე საუბრობდეს, ვერავითარ ტოლობაში ვერ მოვა იმ უარყოფით მოვლენებთან, რაც სუროგაციის, როგორც ბიზნესად გადაქცევას მოჰყვება ხოლმე. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და შესაბამისი საკანონმდებლო პროექტი მომზადდება. ეს არის მორალურად, ეთიკურად ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქალთა და ბავშვთა და ზოგადად, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვისათვის გადადგმული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კირცხალიას განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც კირცხალიამ აღნიშნა, გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკები. „გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკები, განსაკუთრებით ადამიანით ვაჭრობის – ტრეფიკინგის, ქალების შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ავიღოთ 100%-იან ჭრილში ის მოვლენები, რომელიც ვითარდება ამ სფეროში: 98% არ არის საქართველოს მოქალაქე, ვინც სარგებლობს ჩვენს ქვეყანაში ამ სერვისით. სადღაც 2% არის საქართველოს მოქალაქე და სახელმწიფო ყველაფერს ვიზამთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ”, – განაცხადა კირცხალიამ.