ევროკომისია ევროკავშირის გაფართოების პროცესში დამატებითი კონტროლის მექანიზმის შემოღებას გეგმავს, რომელიც ახალი წევრი სახელმწიფოების მონიტორინგს გაწევრიანების შემდეგაც ითვალისწინებს.

როგორც Euronews-ი წერს, ახალი მიდგომის გამოცდა მონტენეგროს შემთხვევაში იგეგმება. ქვეყანა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ყველაზე დაწინაურებულ კანდიდატად მიიჩნევა, შესაძლოა გაფართოების უფრო მკაცრი მოდელის პირველი მაგალითი გახდეს.

ინიციატივის მიზანია, ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ქვეყნებმა შეინარჩუნონ განხორციელებული რეფორმები და არ დაუშვან დემოკრატიული თუ ინსტიტუციური უკუსვლა.

ახალი მექანიზმის ამოქმედება 10-წლიან გამოსაცდელ პერიოდთან ერთად განიხილება.

რას ითვალისწინებს ევროკომისიის ახალი ინიციატივა?

გასულ კვირას ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ძირითადად მხარი დაუჭირეს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ირლანდიის მიერ მომზადებულ დოკუმენტს, რომელიც გაფართოების პროცესში დამატებითი გარანტიების შემოღებას ეხება.

აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ მონტენეგროს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ხელშეკრულებაზე მუშაობის დაწყებას გზა გაუხსნა.

ამის საფუძველზე ევროკომისიამ გაწევრიანების ხელშეკრულების შესაბამისი დებულებების პირველი პროექტი წარადგინა. დებულებები მოლაპარაკებების 35-ე თავს უკავშირდება.

დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი სიახლე ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ მონიტორინგის გაგრძელების შესაძლებლობაა.

თავდაპირველი წინადადების მიხედვით, ევროკომისიას მონიტორინგი მხოლოდ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებიდან ქვეყნის ევროკავშირში ოფიციალურად მიღებამდე უნდა განეხორციელებინა.

ახალი ინიციატივა კი კონტროლის მექანიზმის მოქმედების პერიოდის გაფართოებას გულისხმობს.

როგორ იმუშავებს მონიტორინგის მექანიზმი?

თავდაპირველად შემუშავებული მექანიზმის მიხედვით, ევროკომისია შეამოწმებს, რამდენად სრულდება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დროს აღებული ვალდებულებები და რამდენად მდგრადია განხორციელებული რეფორმები.

კერძოდ, გათვალისწინებულია:

  • კანდიდატი ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების რეგულარული შეფასება;

  • ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოსთვის პერიოდული ანგარიშების წარდგენა;

  • რეფორმებში უკუსვლის შემთხვევაში მაკორექტირებელი ღონისძიებების შეთავაზება;

  • განსაკუთრებულ შემთხვევაში ევროკავშირში გაწევრიანების გადადების შესაძლებლობა.

გაწევრიანების შემდეგ მონიტორინგის გაგრძელების კონკრეტული პირობები და შესაძლო რეაგირების მექანიზმები ჯერ კიდევ განხილვის საგანია.

გერმანია, საფრანგეთი და ნიდერლანდები მკაცრ გარანტიებს ემხრობიან

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის ახალი მექანიზმის საჭიროებასა და ეფექტიანობაზე ერთიანი პოზიცია არ არსებობს.

გერმანია, საფრანგეთი და ნიდერლანდები უფრო მკაცრი გარანტიების შემოღებას უჭერენ მხარს. აღნიშნული ქვეყნები მოითხოვენ, რომ ევროკომისიის მონიტორინგი ახალი წევრი სახელმწიფოს გაწევრიანების შემდეგაც გაგრძელდეს.

მათი მიდგომა ეფუძნება პრინციპს, რომ ევროკავშირის წევრობისთვის აუცილებელი რეფორმები მხოლოდ გაწევრიანების წინაპირობა არ უნდა იყოს და მათი შედეგები გრძელვადიან პერსპექტივაშიც უნდა შენარჩუნდეს.

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ირლანდიას აღნიშნული წინადადება თავდაპირველ დოკუმენტში არ შეუტანია, თუმცა საკითხი შემდგომი განხილვისთვის ღიად დატოვა.

რატომ ეწინააღმდეგება ინიციატივას წევრი ქვეყნების ნაწილი?

ახალი მექანიზმის დამატებით სარგებელს ეჭვქვეშ აყენებენ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო, განსაკუთრებით კი ჯგუფ “დასავლეთ ბალკანეთის მეგობრების” წარმომადგენლები.

მათი არგუმენტით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკვე ექვემდებარებიან კონტროლის სხვადასხვა მექანიზმს, მათ შორის კანონის უზენაესობის შესახებ რეგულარულ ანგარიშებსა და ევროკავშირის სამართლის დარღვევასთან დაკავშირებულ პროცედურებს.

ინიციატივის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნები სვამენ კითხვებს იმის შესახებ, თუ რომელ სფეროებზე უნდა გავრცელდეს დამატებითი მონიტორინგი, როგორ იმუშავებს ახალი სისტემა პრაქტიკაში და რამდენად იქნება შესაძლებელი არსებული ინსტრუმენტების დუბლირების თავიდან აცილება.

დისკუსიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ახალი და ძველი წევრი სახელმწიფოების თანასწორობის პრინციპიც, რამდენად გამართლებული იქნება ახლად გაწევრიანებული ქვეყნების მიმართ დამატებითი მოთხოვნების დაწესება.

მონტენეგროს გზა ევროკავშირისკენ

მონტენეგრომ დამოუკიდებლობა 2006 წელს მოიპოვა, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი კი 2008 წელს წარადგინა.

ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი 2010 წელს მიიღო, ხოლო გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები 2012 წელს დაიწყო.

მონტენეგრო ასევე ნატო-ს წევრია, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ქვეყანა 2017 წელს შეუერთდა.

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მონტენეგროსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასამართლო სისტემის რეფორმას, კორუფციასთან ბრძოლას, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფასა და სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობის გაძლიერებას.

ქვეყანა ევროკავშირის გაფართოების პროცესში ერთ-ერთ ყველაზე დაწინაურებულ კანდიდატად განიხილება.

ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა – რატომ იცვლება მიდგომა?

ევროკავშირის ახალი ინიციატივა გაფართოების პოლიტიკის უფრო ფართო ტრანსფორმაციის კონტექსტში უნდა განვიხილოთ.

ბრიუსელისთვის გამოწვევას წარმოადგენს არა მხოლოდ კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, არამედ მიღწეული შედეგების შენარჩუნებაც წევრობის მიღების შემდეგ.

ევროკავშირს გაწევრიანების შემდგომი მონიტორინგის გამოცდილება უკვე აქვს. 2007 წელს რუმინეთისა და ბულგარეთის გაწევრიანების შემდეგ მოქმედებდა თანამშრომლობისა და გადამოწმების მექანიზმი (CVM), რომელიც სასამართლო რეფორმებისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით მიღწეული პროგრესის შეფასებას ემსახურებოდა.

აღნიშნული მექანიზმი ევროკომისიამ ოფიციალურად 2023 წელს გააუქმა.

მონტენეგროს შემთხვევაში განხილული ინიციატივა შესაძლოა ევროკავშირის მომავალი გაფართოების პროცესში უფრო ფართო კონტროლის სისტემის საფუძველი გახდეს.

რას შეიძლება ნიშნავდეს ახალი მიდგომა საქართველოსთვის?

მონტენეგროსთვის შემუშავებულ ახალ მექანიზმს შესაძლოა გრძელვადიანი მნიშვნელობა ჰქონდეს ევროკავშირის წევრობის მსურველი სხვა ქვეყნებისთვისაც, მათ შორის უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის.

თუ ევროკავშირი გაწევრიანების შემდგომი მონიტორინგის პრაქტიკას გაფართოების პოლიტიკის მუდმივ ნაწილად აქცევს, მომავალ კანდიდატ ქვეყნებს შესაძლოა დამატებითი ინსტიტუციური ვალდებულებების შესრულება მოუწიოთ.

ასეთ შემთხვევაში ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება რეფორმების შეფასების საბოლოო ეტაპი და კონტროლის სპეციალური მექანიზმები შესაძლოა წევრობის მიღების შემდეგაც მოქმედებდეს.

თუმცა ამ ეტაპზე მონტენეგროსთვის განხილული პირობების ავტომატურად სხვა კანდიდატ ქვეყნებზე გავრცელების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და ახალი მექანიზმის საბოლოო ფორმა ჯერ განსაზღვრული არ არის.

წყარო: Euronews